მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Georgian Airways თბილისიდან რუსეთის ქალაქ მაჰაჩყალას მიმართულებით იწყებს ფრენებს

დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს

“ეხო კავკაზა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ინფორმაცია რუსეთის ქალაქის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.

მაჰაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეისები შესრულდება 23 ნოემბრიდან 30 მარტის ჩათვლით, კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. მაჰაჩყალიდან გაფრენის დროდ მითითებულია 07:45 საათი.

მედია წერს, რომ მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის “ტელეგრამის არხზე” გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენებს ასევე თბილისსა და მაჰაჩყალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს შორის (12 დეკემბრიდან) შორის.

ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ასრულებს. მედია ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რომელიც ქვეყანაში ფრენების უფლებას გასცემს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც ავიაკომპანიის წარმომადგენელი თამაზ გაიაშვილი.

ოქტომბრის ბოლოს მაჰაჩყალის აეროპორტი მასობრივი არეულობების ადგილად იქცა. 29 ოქტომბერს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ, მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში წესრიგის აღსადგენად სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა. ოფიციალური მონაცემებით, სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი პირი დააკავეს.

მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.

პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს რუსულმა ავიაკომპანიებმა “აზიმუტმა” და “რედ ვინგსმა”, ასევე – ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ, “ჯორჯიან ეარვეისმა”.

დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.
Georgian Airways რუსეთში ფრენების გამო არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მათ ოფისთან ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა კომპანია პოზიციას არ ცვლის.

Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი უკრაინამ 1-ელ ივლისს დაასანქცირა.

კომპანიას და რუსეთის ხელისუფლებას ჯერ აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button