აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება-სალივანი

აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ბაიდენის მრჩევლის თქმით, აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება მალე უნდა დაამტკიცოს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინის დახმარების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული შედეგები უკრაინის თავდაცვისთვის.
„ყოველი კვირა რაც გადის, უფრო და უფრო რთულდება ჩვენი შესაძლებლობა, სრულად დავაფინანსოთ ის, რაც, გვჯერა, რომ აუცილებელია, რათა უკრაინას მივცეთ ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რომლებიც სჭირდება თავისი ტერიტორიის დასაცავად, წინსვლის გასაგრძელებლად. ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება. ეს უკვე მოქმედებს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი – უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.
ევროკომისრის თქმით, ზამთრის დადგომას დამატებითი პრობლემები მოაქვს ისედაც მოწყვლადი უკრაინის მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ, გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.
ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას, სავარაუდოდ, 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს.
დმიტრო კულებას თქმით, მიზეზია არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების ნაკლებობა, არამედ „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.
„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება, ნაკლებად სავარაუდოა, შესრულდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა, – ეს განცხადება კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსადმი მიმართვისას გააკეთა.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ.
კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
„ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის წყალობით, უკრაინელებმა იგრძნეს, რომ ჩვენი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ ჩვენი ძალისხმევა იყო აღიარებული. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენი ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას დეკემბერში, როდესაც ევროპის საბჭო შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეასრულებს გეგმას უკრაინისთვის მომავალი წლის მარტამდე 1 მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საარტილერიო ჭურვების წარმოება უნდა დაჩქარდეს.
„სწორი კითხვა იქნებოდა, იყო თუ არა ეს 1 მილიონი ოდესმე რეალური მიზანი? იყო განცხადებები, ამბობდნენ, რომ ფრთხილად იყავით, ერთი მილიონი მარტივად ჩანს და ფულიც არის, მაგრამ წარმოებაც უნდა იყოს. ეს გაფრთხილება, სამწუხაროდ, დადასტურდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მილიონი ჭურვის მიწოდება ვერ მოხდება“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
პისტორიუსის კომენტარი პირველი საჯარო აღიარებაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისგან, რომ უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებული გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა, დიპლომატები და ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში პირადად გამოხატავდნენ სკეპტიციზმს აღნიშნულ მიზანთან დაკავშირებით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება.
“პუტინს ნაადრევად უხარია. უკრაინისადმი მხარდაჭრას არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავაფართოებთ და გავზრდით”, – ამბობს ბერბოკი.
ბერბოკის თქმით, უკრაინა მომდევნო თვეებში გერმანიისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას მომავალი წლიდან გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მეტ დეტალს არ ამხელს.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ალიანსისგან მეტი დახმარება სჭირდება.
“კიევმა ევროპაში სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი უნდა შეინარჩუნოს, ამიტომ, ალიანსის ინტერსებშია უკრაინის სათანადო მხარდაჭერა.
ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინისადმი მხარდაჭერა, მსოფლიო ვერ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას”, – ამბობს სტოლტენბერგი.
გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს, ხუთ დაჯავშნილ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას და ორ სასწავლო ტანკს. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება გამოცემა Der Spiegel-ი.
შეკვეთის საერთო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა. ის მოიცავს არა მხოლოდ მიწოდების პაკეტს, არამედ წვრთნის, ლოგისტიკის, სათადარიგო ნაწილების, ადგილზე ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების ღირებულებას. მიწოდების პაკეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაკვეთით.
ბუნდესვერმა ათი წლის წინ შეწყვიტა Leopard 1A5 ტანკების გამოყენება. თუმცა ისინი საწყობებში იმყოფებოდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი კვლავ ამოქმედების შესახებ.
გამოცემა იუწყება, რომ სექტემბერში კიევმა, წარმოქმნილი პრობლემების გამო, უარი თქვა ამ მოდელის ათი ძველი ტანკის მიღებაზე. ტანკები საჭიროებდა დამატებით შეკეთებას. ვინაიდან უკრაინას არ მოეპოვებოდა მომზადებული ტექნიკური პერსონალი და სათადარიგო ნაწილები, კიევმა მათ მიწოდებაში აზრი ვერ დაინახა.
Rheinmetall-ი ასევე გეგმავს, მომავალ წელს უკრაინას მიაწოდოს Leopard-ის უახლესი 2A4 მოდელის 14 ტანკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.