მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის მომავალი ევროკავშირშია-ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მისი თქმით, მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ ახლა დაიწყო.

“ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის 10 წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში და ერთი ხმით ლაპარაკობდა. თქვენ თქვით: უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა.

გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს იმაზე ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ ახლა დაიწყო”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

“10 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ეტაპი. უკრაინელები შეუდგნენ პირველ კონტრშეტევას უკანონობის, ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის და მორჩილების წინააღმდეგ. 20 წლის წინ იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ კი ამბიციურ მიზნად იქცა. დღეს კი რეალობაა და შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და სავალდებულო ნაბიჯების დასრულების შეჩერება.

კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

…………………………………..
გარდა ამისა უკრაინა აცნობიერებს, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის გზა არის დამსახურებების და არა საჩუქრების გზა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

„უკრაინა აცნობიერებს, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის გზა არის დამსახურებების და არა საჩუქრების გზა. ამიტომ, უკრაინა ასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება შესახვედრად გზის თავისი ნაწილი გაიაროს და როგორც დაპირებული იყო, წლის ბოლომდე, დეკემბერში შედეგი იყოს ჩვენთვის ასე სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და სრულუფლებიანი ინტეგრაციის შესახებ პროცესის დაახლოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის დროს ყველა უნდა იყოს ძალიან კონკრეტული დეკემბერში ევროკავშირის ლიდერების მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არანაირ საჩუქრებს არ ველოდებით, თუმცა ვისურვებდი, რომ მაინც, მიაქციონ ყურადღება, რომ ჩვენი ქვეყანა ომშია. ჩვენთვის დეკემბერში გადაწყვეტილება არის სამოტივაციო და მობილიზაციური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება უკრაინას, სჯეროდეს სამართლიანობის, ცარიელი სიტყვები არ არის ის, რომ უკრაინელები იცავენ საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას აჩუქებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

„არის შვიდი რეკომენდაცია. ჩვენ უნდა შევასრულოთ ისინი, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს. დღეს მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხოლო თუ თითქმის ყველაფერი, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იქნება შესრულებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ჩვენ შევასრულებთ შვიდივე რეკომენდაციას. თუმცა დღეს ჩვენ ვართ მზად. მე ვხედავ დადებით რეაქციას“, – აღნიშნა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ჰკითხეს უნგრეთის შესახებ, რომელიც წარმოადგენს „სპილოს ოთახში“ და ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„ჯერჯერობით პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ „ოთახში სპილო“ შეიძლება, ნებისმიერი იყოს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ მთავარია, მოვიქცეთ, როგორც ადამიანები და შევასრულოთ ყველაფერი ჩვენს გზაზე. არის შვიდი რეკომენდაცია. ჩვენ ისინი ყველა უნდა შევასრულოთ, რომ ჩვენს მიმართ არ იყოს არანაირი კითხვა, იმის თქმის არანაირი შესაძლებლობა, რომ უკრაინამ რამე ვერ შეასრულა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი პოზიცია, რომელშიც შეიძლება იყოს უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დეკემბერში სამიტზე თუ ევროკავშირი არ მიიღებს მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას, ეს იქნება კრემლის სასარგებლო ნაბიჯი.

„ვისურვებდი, რომ ჩვენ არ ვითამაშოთ რუსეთის სასარგებლოდ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გარშემო არ იქნება ევროპის გაერთიანება, ამის შემდეგ შეიძლება, „გატყდეს“ სხვა გადაწყვეტილებებიც – უკრაინის დახმარების შესახებ, სასანქციო ზეწოლის შესახებ, ფინანსური დახმარების შესახებ. ეს ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button