ისრაელ-ღაზის ომი ჟურნალისტთა სასაფლაოდაც იქცა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/44904902_303.jpg)
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), რომელმაც ჟურნალისტების დაღუპვის დოკუმენტირება 1992 წელს დაიწყო, განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. “ისრაელ-ღაზის ომის პირველი თვე ახლა ყველაზე მომაკვდინებელი თვეა ჟურნალისტებისთვის”, – ვკითხულობთ კომიტეტის ვებგვერდზე.
ამ ომში, ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე იყო პირველი დღე, 7 ოქტომბერი, როდესაც ერთ დღეში 6 ჟურნალისტი დაიღუპა; მეორე ყველაზე მომაკვდინებელი დღეა 18 ნოემბერი, დღეში 5 დაღუპული ჟურნალისტით.
ჯამში, 4 დეკემბრის მონაცემებით:
დაღუპულია 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი (მათგან 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი);
დაშავებულია 11 ჟურნალისტი;
3 ჟურნალისტი დაკარგულად მიიჩნევა.
19 კი დაკავებულია.
ოფიციალური მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, 16 000-მდე პალესტინელია დაღუპული, ისრაელში კი – 1 200.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.