,,უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება,,-დანილოვი

უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დანილოვის თქმით, ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ომისთვის ძველი, მათ შორის, ნატო-ს სახელმძღვანელოები არქივში უნდა დაბრუნდეს.
„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე უარყო ცნობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულობის შესახებ.
„მე არ ვადასტურებ, რომ მსგავსი რამ, რაც დღეს მედიაში ვრცელდება, რეალურია“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში, გორლოვკასთან ახლოს, დაიბრუნეს ტერიკონი, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ იქ ახლა უკრაინული დროშა ფრიალებს.
“ჩვენი გმირები არიან მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, სამეფო ბრიგადის თავდასხმის ჯგუფი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მან მოიგერია ერთ-ერთი ტერიკონი ჰორლივკას შიგნით და მტრის პოზიციები აიღო. ახლა ჩვენი დროშა ფრიალებს ტერიტორიაზე… “გორლოვკა უკრაინაა! დონბასი უკრაინაა!”, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები მიზნად ისახავს მესამე ქვეყნებში ფიზიკური პირების, ერთეულებისა და ქსელების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ძირითადი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და რესურსების გაყიდვას.
შეზღუდვებს დაექვემდებარა ათეულობით კომპანია თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და მალდივებში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, Expobank-სა და Metallurg-ს, საინვესტიციო კომპანია United Investment Group-სა და ფინანსურ ინსტიტუტს Signal Invest-ს, რაც რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა კონტაქტი საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან.
ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უწესებს სანქციებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, სანქციების გვერდის ავლისთვისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებისთვის.
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
პროგრამა ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობისა და უკრაინის აღდგენისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიზიტად მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი IMF-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინ გეორგიევას შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
გარდა ამისა, ზელენსკი გეგმავს პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას და სიტყვით მიმართავს კონგრესს, სადაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს “რესპუბლიკელები” ბლოკავენ.