მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოცნებას რუსეთისთვის არაფერი დაუთმია”-დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან არაფერი დაუთმია. ამის შესახებ მან განაცხადა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე, სადაც ოპოზიციურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” მიიწვია 18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფორუმში მონაწილეობის გამო გაჩენილ კითხვებზე.
აღნიშნული განცხადება ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად დაესწრო. მინისტრი ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.

“მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან არახალია სპეკულირება გარკვეული თემატიკით. ჩვენ დღესაც აბსოლუტურად უშინაარსო პოლემიკის მომსწრენი ვართ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ჩემი მხრიდან ამომწურავად იყო გაცემული მაშინ, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მე მქონდა პრესკონფერენცია, სადაც ყველა სახის მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა…” – თქვა ლევან დავითაშვილმა.

ოპოზიციურ პოლიტიკურმა ჯგუფმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რა სარგებელი მიიღო საქართველომ ამ ფორუმში მონაწილეობით – 18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ბანკეტის ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ ლევან დავითაშვილი დაესწრო იმ ღონისძიებას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

“ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე – დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ…” – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

​კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, რუსეთთან თანამშრომლობაზე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები იყო.

“ფაქტები ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი არ დაუთმია და ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და ძალიან რთული მემკვიდრეობა მივიღეთ, რომელიც არ არის მარტივი, რომ ჩვენ გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია… საქართველოს დეოკუპაციას მოვახდენთ იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს…” – უთხრა დეპუტატებს ლევან დავითაშვილმა.

18 ოქტომბერს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხი განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 31 ოქტომბერსაც. მისი თქმით, ღონისძიებაში საქართველო მონაწილეობდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით.

“ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები”, – თქვა მან.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტს „ნაციონალური მოძრაობა“ სასპეკულაციოდ იყენებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „უბრალოდ, თემები არა აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ რაღაც ასეთი თემები“.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც ერთ-ერთ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესწრებოდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ კითხვებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უპასუხა.

„თავადაც ამ პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული იყო უშუალოდ ჩვენი ტერიტორიები, ახლო წარსულში, რუსეთის მიერ, ისინი ესწრებოდნენ ასეთ ღონისძიებებს და არასდროს, არავის წამოუწევია ეს თემა. მეც მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ლევან დავითაშვილი. ბუნებრივია, აქაც არის ცარიელი სპეკულაციები. თემას იყენებენ სასპეკულაციოდ. საზოგადოება ხომ ხედავს, რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიზანი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები. უბრალოდ, თემები არა აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ რაღაც ასეთი თემები“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად “ტაბულამ” გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით გაავრცელა. საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button