,,უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს,,-პესკოვი
უკრაინაში ომი გრძელდება

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების თემა ამჟამად აქტუალური არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დიდმა ბრიტანეთმა კიევზე ზეწოლა მოახდინა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების შანსები დაიკარგა.
„ამის შემდეგ, მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობდა და კიდევ უფრო ნაკლები წინაპირობა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინამ ფაქტობრივად იურიდიულად აკრძალა რუსულ მხარესთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება“, – აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინაში ომი გრძელდება. დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ორჯერ ჩაირთო.
ცოტა ხნის წინ, ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული და მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება; დაიბომბა ხერსონის ოლქი. დაშავდა ერთი ოჯახის 4 წევრი – დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი. შეტევა იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები აცხადებს, რომ 20 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შეუტიეს “შაჰიდის” ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატით. უწყების განცხადებით, 18 ჩამოაგდეს.
შეტევა იყო ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის რეგიონებში. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა დრონები ანექსირებული ყირიმიდან გაუშვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყება, რომ რუსეთის არმიამ ბელგოროდის რეგიონის მიმართულებით ЗРК С-300 ტიპის ორი რაკეტით მიიტანა იერიში ხარკოვის რეგიონზე, რასაც წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, თავდასხმა მოხდა სატრანსპორტო დეპოს ტერიტორიაზე, „სადაც მტრის დაბომბვისგან ისედაც აღარაფერია დარჩენილი“. „ეს სამოქალაქო ობიექტია”.
პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი, განახლებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გმობს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას.