„ვაგნერის“ დამფუძნებლის მკვლელობა მოსკოვში ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა მოსკოვში ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და ის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაამტკიცა, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
„რუსეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მოსკოვის უმეტესი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, პატრუშევმა თავის კაბინეტში თანაშემწეს უბრძანა, დაეწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება. დასავლური სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ გეგმა მოგვიანებით პუტინს გააცნეს, რომელმაც ის არ გააპროტესტა“, – წერს The Wall Street Journal-ი.
გარდა ამისა ამერიკული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას დასავლეთის სპეცსამსახურებზე და რუსეთის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პატრუშევი შეშფოთებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და თავად პრიგოჟინის პოლიტიკური თუ სამხედრო გავლენის ზრდით. სტატიის მიხედვით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჯერ კიდევ 2022 წელის ზაფხულში აფრთხილებდა პუტინს, რომ პრიგოჟინი კრემლს ემუქრება.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში პრიგოჟინმა პირადად დაურეკა პუტინს და ემოციურად უსაყვედურა უკრაინაში ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალის დანაკლისის გამო. გამოცემა წერს, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს, პატრუშევმა გაიგო, რომ პრიგოჟინი პუტინს ეუხეშებოდა.
პრიგოჟინის შემდგომი საჩივრები საბრძოლო მასალების მიწოდებაზე და “ვაგნერის” მეთაურის საჯარო კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან პუტინმა უგულებელყო. როგორც გამოცემა წერს, 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა ამბოხება დაიწყო, პატრუშევმა ამაში დაინახა შესაძლებლობა სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან ის და “მართვა საკუთარ ხელში აიღო.”
WSJ წერს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს შუამავლობით მოხერხდა პრიგოჟინის დაყოლიება, გადაეყვანა დაქირავებული მებრძოლები ბელორუსის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეაჩერებდა აჯანყებულთა დევნას, პატრუშევმა პრიგოჟინის მოკვლის გეგმის შემუშავება დაიწყო. როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, პუტინს მოგვიანებით აჩვენეს ეს გეგმა, მაგრამ ის წინააღმდეგ არ წასულა.
დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა კი WSJ-ს უთხრეს, რომ მცირე ბომბი განთავსებული იყო კერძო თვითმფრინავ Embraer-135-ის ფრთის ქვეშ. სწორედ ეს თვითმფრინავი გამოიყენა პრიგოჟინმა 23 აგვისტოს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ თვითმფრინავი ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგადა დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი. მათ შორის, პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
შეგახსენებთ 24 ივნისს, რუსეთში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის პრიგოჟინიც იყო.
ცნობისთვის, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა. კრემლში ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფენ. პუტინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაღუპულების ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს და თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საქმე აღძრა, თუმცა შედეგის შესახებ არაფერია ცნობილი.