მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“როცა რუსეთი ომს გამოაცხადებს ომი მაშინ იქნება-ეს სამხედრო ოპერაციაა”- ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის თქმით მან მიიღო უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია. ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მან პუტინის ტერმინი გამოიყენა და ომს “სამხედრო ოპერაცია” უწოდა.

“ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ”, – თქვა ორბანმა.

ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომი “სამხედრო ოპერაციად” მოიხსენია პეკინში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისასაც, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბრისას კი უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინთან სიტყვა “ომის” გამოყენებას არ მოერიდება, თუ ეს მას დასჭირდება.
14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, ორბანი პირველი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინს ომის დანაშაულების გამო მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ შეხვდა. ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. გადაწყვეტილების შემდეგ კი 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა.

გარდა ამისა უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, მან მიიღო უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა მომავალში ორმხრივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლიდერებისთვის პირველი აღმოჩნდეს.

ყოველწლიურ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ორბანმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებას მომავალ შეხვედრაზე 10 დეკემბერს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციისას ლიდერებს შორის მოკლე საუბრის დროს დასთანხმდა.

“ზელენსკიმ თქვა ‘ჩვენ მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ’ და მეც ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნები. ჩვენ ახლა ერთი საკითხი დავაზუსტოთ: რის შესახებ?” – თქვა ორბანმა და დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობაზე მისი ქვეყნის სურვილის განხილვა ისურვა.

უკრაინასა და უნგრეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რადგან ბუდაპეშტმა არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის დახმარება კიევისთვის და უარი თქვა, მეზობელი ქვეყნისთვის იარაღი მიეწოდებინა. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის ორგანიზება სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button