მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით რუსები მარინკას აკონტროლებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრაზე მოახსენა, რომ რუსეთის ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე.

„აქტიური მოქმედების დროს სამხრეთის ჯგუფის თავდასხმის რაზმებმა დღეს მთლიანად გაათავისუფლეს დასახლება მარინკა, რომელიც დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით ხუთ კილომეტრშია. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ ძალიან ძლიერი გამაგრებული ტერიტორია ააშენეს“, – აღნიშნა შოიგუმ.

თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ მარინკას დაკავება ბახმუტის აღების შემდეგ რუსი სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
შოიგუს თქმით, მარინკის დაკავებამ შესაძლებელი გახადა უკრაინის არტილერიის დონეცკიდან მოშორებით გადასროლა. პუტინმა ამას უპასუხა, რომ რუსეთის სამხედროებს “მიეცემათ უფრო ფართო საოპერაციო სივრცეში გასვლის შესაძლებლობა”.

„მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა, რომელიც რუს ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში გადავიდნენ“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებს უახლოეს მომავალში პირისპირ განიხილავენ.

„ჩვენ უპირველეს ყოვლისა დონეცკიდან ვაშორებთ მოწინააღმდეგის საბრძოლო ნაწილებს. მეორე, ამ სიმაგრეში შეჭრით, რომელსაც მტერი 2014 წლიდან აშენებდა, შეიქმნა მნიშვნელოვანი რაოდენობის რკინაბეტონის ნაგებობები, საკომუნიკაციო გზები. ამ სიმაგრის გატეხვით, ჩვენს ჯარებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ უფრო ფართო ოპერაციულ ზონას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ალექსანდრ შტუპუნი შოიგუს განცხადებას არასწორს უწოდებს. როგორც შტუპუნმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, ბრძოლები გრძელდება და უკრაინის არმია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებთანაა განლაგებული.

დღეს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას თქვა, რომ უკრაინის არმიამ ჩამოაგდო რუსეთის ხუთი თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 25 დეკემბრის განცხადებაში იუწყება, რომ რუსეთის ძალები ფრონტის მთელს ხაზზე ცდილობენ შეტევის წარმოებას.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა განცხადებების გადამოწმება არ ხერხდება.

მარინკა მდებარეობს დონეცკიდან 10-მდე კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. 2022 წელს იქ ცხრა ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წელს ქალაქი მოხვდა უკრაინის არმიასა და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სეპარატისტებს შორის საომარი მოქმედებების ზონაში.

2022 წლიდან მარინკის არეალებში ინტენსიური შეტაკებებია რუსეთის არმიასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ქალაქი თითქმის სრულად დანგრეულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button