მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,პრეზიდენტმა დადებითი როლი შეასრულა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში და ისურვებდა ეხილა ელჩების კონფერენციაზე,,-საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, აცხადებს, რომ მიაჩნია, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადებითი როლი შეასრულა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში და ისურვებდა, იგი ეხილა ელჩების წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნახვას ისურვებდა, თუმცა ეს მისი “გადასაწყვეტი არ არის”. ამის შესახებ მან ელჩების კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩემი შეფასებით, ეს [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი. როგორც მოვისმინე, პრემიერ-მინისტრმაც ყველას გადაუხადა მადლობა, ვისაც ეკუთვნის. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე და, ვფიქრობ, ყველამ თავისი წილი შეიტანა, თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რათა ჩვენი ქვეყნის ხმა მიეწვდინა [ბრიუსელამდე]“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია, – ამ სიტყვებით მიმართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებს.

ვიდეო-მიმართვა კონფერენციის მსვლელობისას გადაიცა.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას.

„ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება. ეს გეგმა მოიცავს შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტის გამოყოფას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ უკვე დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებსაც მას ევროკავშირი სთავაზობს. თუმცა, როგორც ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას.

„გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ისთვის ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესრულების კუთხით, დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ, და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

„თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ ევროპის დედაქალაქებში საქართველოს მისწრაფებების გაჟღერების თვალსაზრისით“, – განაცხადა გერტ იან კოპმანმა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახალი წელი საქართველოს კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და შესაძლებლობებს მოუტანს.

ცნობისთვის 26 დეკემბერს თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2023“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს, – რომელიც უშუალოდ ნიშნავს ელჩებს, – კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და მიზეზი ასე ახსნა:

„ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე… წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი“.
ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე თვით ადრე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია, რადგან არ ჰქონია მთავრობის თანხმობა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ 100 საჭირო ხმა ვერ მოაგროვა.

ელჩების კონფერენციაზე უხერხულობა შეიქმნა 2022 წელსაც. კონფერენციას პრეზიდენტი მაშინაც არ დასწრებია. მისი ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამის მიზეზი პროტოკოლის წესების დარღვევა იყო – „საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრა“.

2023 წლის მარტში, როდესაც პარლამენტი „აგენტების კანონს“ განიხილავდა, გოჩა ჯავახიშვილმა ფეისბუკზე დაწერა: „ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

შეგახსენებთ 26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button