მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 250 ადამიანი დაიღუპა და 500 დაშავდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ დამასკო-ს გარეუბნის დაბომბვის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა.

ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ისრაელი “აუცილებლად გადაიხდის ამ დანაშაულისთვის”.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ისრაელის განცხადებით, ღაზაში 200-ზე მეტი სატვირთო შევიდა.

ამბიციური გეგმა – ასე აფასებს საერთაშორისო მედია ეგვიპტის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის მიზანიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის დასრულებაა.

ეგვიპტემ აღნიშნული გეგმა ისრაელს, “ჰამასს”, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს წარუდგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ისრაელის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან, “ჰამასის” ყველა ტყვის გათავისუფლებასა და ანკლავში ერთიანი ტექნოკრატიული პალესტინური მთავრობის ჩამოყალიბებას.

გეგმა, რომლის შემუშავებაშიც კიდევ ერთი შუამავალი სახელმწიფო – კატარიც იყო ჩართული, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის რამდენიმე რაუნდს მოიცავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ “ღრმად შეშფოთებულია” ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის უწყვეტი დაბომბვით და მოუწოდა ისრაელის ძალებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მოსახლეობის დასაცავად.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ისრაელის ძალების მიერ ღაზის ცენტრალური ნაწილის უწყვეტი დაბომბვით… ყველა თავდასხმა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს, რომელთა შორისაა განსხვავება, პროპორციულობა და სიფრთხილე”, – აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების წარმომადგენელმა, სეიფ მაგანგომ თავის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button