კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 4 სააფთიაქო ქსელი დააჯარიმა
აფთიაქების ქსელი ჯარიმას გაასაჩივრებს- მათ ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი – ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი – დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
სააგენტოს განმარტებით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
ავერსი: 14 402 425 ლარით დაჯარიმდა;
გეფა: 20 349 336 ლარით;
პსპ: 17 094 872 ლარით;
მერმისი: 951 301 ლარით.
“მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:
23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით
47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით
18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით
ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
ავერსი: 14 402 425 ლარი;
გეფა: 20 349 336 ლარი;
პსპ: 17 094 872 ლარი;
მერმისი: 951 301 ლარი.
“ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის – ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი და ეს კა იმპექსის მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, ეს კა იმპექსის მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.
2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 7 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 5 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო 3 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ არ ეთანხმებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს, გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ ცალსახად არ ეთანხებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეხმაურება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას აფთიაქების დაჯარიმების თაობაზე. ის ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს და ამბობს, რომ “ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი სახელმწიფოს რეაგირება”.
ამასთან, აზარაშვილმა ფარმაცევტული კომპანიები “ვერაგული” მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.
“კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით და დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე შედეგები, რაც მიიღო და ეს შედეგები ძალიან სამწუხარო.
დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანიმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. ფასები გაიზარდა სამჯერ, ოთხჯერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება”, – თქვა აზარაშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.