რუსეთმა უკრაინაში მასიური სარაკეტო შეტევისას 110 რაკეტა გაუშვა
რუსეთის ქმედებას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთმა უკრაინაში მასიური სარაკეტო შეტევისას დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვა.
“საავადმყოფო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, კომერციული საწყობი, ავტოსადგომი. კიევი, ლვივი, ოდესა, დნეპრი, ხარკივი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. სარაკეტო თავდასხმისას რუსეთმა უკრაინაში 110-მდე რაკეტა გაუშვა. მათგან უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.
სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს – ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას ეხმაურება.
მისი თქმით, ერთადერთი კოლექტიური პასუხი უკრაინისადმი გრძელვადიანი დახმარება უნდა იყოს.
“ეს ხმები [აფეთქებების] არის ის, რისი თქმაც რუსეთს ნამდვილად სურს. ჩვენი ერთადერთი კოლექტიური პასუხი მძლავრი, გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა იყოს უკრაინისადმი. მხოლოდ მეტი იარაღით არის შესაძლებელი რუსული ტერორის გაჩუმება”, – ამბობს კულება.
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.
ამასთან, ნაუსედამ ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
“ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომით დაიღალა, ეს არის შეხსენება ტერორისტული რუსეთისთვის, რომ მის სისასტიკესა და სისხლის ღვრას საზღვარი არ აქვს”, – აღნიშნა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას.
ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
მისი თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
“წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, “შაჰიდის” ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს”, – ამბობს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 108 დაშავდა.
დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.