ისრაელის არმია ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს
„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება-ნეთანიაჰუ

ისრაელის არმია ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ კონფლიქტი თვეები გაგრძელდება . ბოლო 24 საათში ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 165 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
პალესტინის სამთავრობო მედია წერს, რომ დაბომბვამ ღაზას სახლების 70% გაანადგურა.
ღაზაში არსებული მწვავე ჰუმანიტარული ვითარებით შეშფოთებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები მძიმე სანიტარულ პირობებსა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომი “უმაღლეს ნიშნულზეა და თვეების განმავლობაში გაგრძელდება”. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მათი სამხედროები მთელი ძალებითა და ახალი სისტემებით იბრძვიან, როგორც მიწისქვეშ, ასევე, მის ზემოთ.
“ჩვენ უპირატესობა გვაქვს, 8 000-ზე მეტი ტერორისტი მოვკალით”, – განაცხადა მან.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
26 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადებიან – კერძოდ, IDF-ის ცნობით, ეს შეეხება ცენტრალურ ნაწილში არსებულ ტერიტორიას, სადაც მეტწილად ლტოლვილები არიან დასახლებული. მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებდა.
ცნობისთვის დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.
ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.
შეგახსენებთ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმას ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმებით და სახმელეთო შეტევით უპასუხა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 21 672 ადამიანი დაიღუპა.