ომი უკრაინაში გრძელდება-უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 21 ჩამოაგდეს.

უკრაინაში, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 21 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით სამი მიმართულებით დაესხა თავს, ყირიმის, პრიმორსკო-ახტარისა და კურსკის რეგიონს.
„სულ დაფიქსირდა 49 დრონი. რუსეთმა ასევე შეუტია ქალაქ ხარკოვს ექვსი S-300 მართვადი საზენიტო რაკეტით. მტერმა თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი გაგზავნა თავდაცვის ფრონტის ხაზის გასწვრივ ასევე სამოქალაქო, სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე, კერძოდ ხარკოვის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში“, – განაცხადა იგნატმა.
ხერსონის რაიონში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, ხოლო ოდესის მახლობლად სანაპირო ზონაში დრონის ნამსხვრევებიდან ხანძარი გაჩნდა.
ამათან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან ხარკივზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს.
“ხარკივში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკივის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა Shahed-ისთვის, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც”, – ამბობს ზელენსკი.
გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში ჯერ S-300 ტიპის რაკეტებით, შემდეგ კი უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. სამიზნე საცხოვრებელი სახლი, სასტუმროს შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. დაშავებულია 26 ადამიანი.
შეგახსენებთ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.