აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 10 იანვარს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეხვედრა გამართა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან.
ბლინკენმა ისრაელის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიარა პალესტინელთა დე ფაქტო დედაქალაქ რამალაში ჩასასვლელად, იუწყებიან ჟურნალისტები, რომლებიც ტურნეში მასთან ერთად იმყოფებიან. მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში მიიღო.
გუშინ, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ და მისმა ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა თავიანთი მმართველობა უნდა გააუმჯობესონ.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხზე გაამახვილებდა ყურადღებას.
ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, „სქაი ნიუს არაბია“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინა პალესტინის ბლოკირებული საგადასახადო სახსრების გათავისუფლებაზე.
„სახსრების გათავისუფლების შესაძლებლობა თუ არ გაქვთ, როგორ გექნებათ შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინოთ ისრაელზე და მიაღწიოთ მშვიდობას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას?“ – „სქაი ნიუს არაბიას“ ინფორმაციით, მიმართა მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენს.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს „ხელშესახებ ნაბიჯებს“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ.
ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს WAFA-ს ცნობით, მაჰმუდ აბასმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პალესტინელების ღაზიდან და დასავლეთ ნაპირიდან გადასახლება არ უნდა მოხდეს.
რამალაში გამართულ შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწვევისკენ მოუწოდა, „რათა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდეს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პოზიციას, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას უჭერს მხარს.
ერთი დღით ადრე ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ომის საკითხებში მის კაბინეტთან. მოლაპარაკების საგანი იყო ისრაელის მიერ წარმოებული ომი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ, რეგიონში არსებული დაძაბულობა და ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის სამომავლო პერსპექტივები.
პალესტინელთა ავტონომია, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ არეალში შეზღუდულად ახორციელებს თვითმმართველობას, მთავარ იმედად რჩება გაერთიანებული პალესტინური ხელისუფლებისთვის როგორც ღაზაში, ისე დასავლეთ სანაპიროზე.
ბლინკენი ისრაელში ჩავიდა ვაშინგტონის მოკავშირე არაბულ ქვეყნებში გამართული ტურნეს შემდეგ. მისი თქმით, ამ ქვეყნებს ისრაელთან უფრო ახლო კავშირები სურთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებს “პრაქტიკული გზა” პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ.
ისრაელის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაზე აშშ-ის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკება თითქმის ათი წლის წინ ჩაიშალა. ისრაელის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში მემარჯვენე ლიდერები ეწინააღმდეგებიან პალესტინელთა სახელმწიფოებრიობას.
პრესკონფერენციაზე ბლინკენმა უარი თქვა აღეწერა, როგორ უპასუხეს ნეთანიაჰუმ და მისმა კაბინეტმა მის მოწოდებას პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებისკენ. მისი თქმით, ისრაელს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ისარგებლოს რეგიონული ინტეგრაციით გაჩენილი შესაძლებლობებით.
“ახალმოსახლეების ექსტრემისტული ძალადობა, რომელიც დაუსჯელია, დასახლებების ექსპანსია, ნგრევა, [ხალხის] გამოგდება – ეს ყველაფერი ისრაელისთვის ართულებს და არ აიოლებს მოქმედი მშვიდობის და უსაფრთხოების მიღწევას”, – თქვა ბლინკენმა დასავლეთ სანაპიროზე არსებულ კონფლიქტზე მინიშნებით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდა.