100 დღე ომის დაწყებიდან-ახლო აღმოსავლეთში ბრძოლა გრძელდება

14 იანვარს 100 დღე შესრულდა ომის დაწყებიდან ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის. “ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” ჰამასის განადგურებისგან – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა.
“ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება. გამარჯვების გზაზე ვართ და სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით.
ჩვენ გვყავს ჯარი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენს ხალხს იცავენ”, – თქვა ისრაელის პრემიერმა.
ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.
ომი დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს უპრეცედენტო შეტევა განახორციელა ისრაელზე, რასაც, AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავებული მონაცემით, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი ჰამასმა მძევლად აიყვანა.
ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე მომუშავე გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს, OCHA-ს ხელმძღვანელმა AFP-ს პარასკევს უთხრა, რომ ისრაელი სისტემატურად ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ჩრდილოეთ ღაზაში.
შეგახსენებთ 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.