მნიშვნელოვანისიახლეები

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 26 თებერვალს გაგრძელდება სადაც განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ. დუმილს დაარღვევს თავად გრიგორიადისი. ადვოკატის თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი გამოცხადდება.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს, დიდი ალბათობით, ჰყავდა სულ 3 მოწმე დასაკითხი, 3-ვე მოწმეს მოხსნის დაცვის მხარე. ყოველ შემთხვევაში, დაცვის სტრატეგია ასეთია და შემდეგ პროცესზე უკვე დადგება განაჩენი. […] შესაჯერებელია ეს პოზიცია, ლაზარე რამდენად გადაწყვეტს რომ ისარგებლოს საბოლოო სიტყვით ან დასკვნითი სიტყვით, ამ პოზიციას მომავალ პროცესამდე შევაჯერებთ აუცილებლად”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.
დღევანდელი სხდომა ხანმოკლე იყო, გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს.
დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი მედიასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.

“რუსული კანონის” წინააღმდეგ, 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილის ბრალეულობა არ მტკიცდება. თუმცა, მას ლაზარეს გამართლების მოლოდინი არ აქვს. ოჯახი აპირებს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.

“ლაზარეს ბრალეულობა არ მტკიცდება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ლაზარეს არ უმტკიცდება, ამის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ არსებობს მათი ფეიკ ვიდეოები. არც მანქანის გადატრიალების და ცეცხლის წაკიდების ამბავზე არ არის ლაზარეს ბრალეულობა დამტკიცებული და არც პოლიციელების დაწვაზე. აქედან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ სასამართლოზე, რა ვიცი, არ შეიძლება რომ გამტყუნდეს ლაზარე, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით. როგორ განაჩენს გამოიტანენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”,- ამბობს კალანდაძე.
15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ათ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა სხდომა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. ამ სხდომაზე გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს. წინა სასამართლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, ისევ გრიგორიადისის ადვოკატების მოთხოვნით, სასამართლომ უდავოდ გახადა პროკურატურის 12 მოწმის ჩვენება, რის გამოც მათი სასამართლოში დაკითხვის საჭიროება მოიხსნა. ვინაიდან სასამართლოს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე გავლილი აქვს, შემაჯამებელი სიტყვების შემდეგ მოსამართლე უკვე განაჩენის გამოსატანად გავა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა სასამართლოს ეზოში.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება – ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button