მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მესამე მსოფლიო ომის საფრთხის გამო სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს. ეს განცხადება რობერტ ფიცომ სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც მან თქვა, ის თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე აპირებს, აუწყოს მას, რომ ბრატისლავა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, რადგანაც „არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე“.

„მე ვეტყვი, რომ ვეტოს დავადებ და დავბლოკავ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგანაც სწორედ ეს წარმოადგენს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველს და მეტი არაფერი“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს, რასაც ფიკო „კომპრომისს“ უწოდებს.

„რას ელოდებიან, რომ რუსები ყირიმს, დონბასსა და ლუღანსკს დატოვებენ? ეს არარეალისტურია“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან ერთად, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებას არ მიაწვდის.

„მე ასევე ვეტყვი ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ როდესაც საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეასრულოს პირობები. არ შეიძლება, ევროკავშირში გაწევრიანდეს ისეთი ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება არცერთ მოთხოვნას“, – განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, ის უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩადის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 24 იანვარს უკრაინაში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა Denník N ფიცოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორშაბათს ნიტრაში ვარ, სამშაბათს გასვლითი შეხვედრა მაქვს მთავრობასთან, ოთხშაბათს უკრაინაში ვარ [უკრაინის პრემიერ-მინისტრ] შმიგალთან ერთად,” – განაცხადა ფიცომ მომავალი კვირის გეგმებზე საუბრისას.

გამოცემის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართება, რომელიც სლოვაკეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში ფიცოსა და შმიგალს შორის უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “გამორიცხავს იარაღის მიწოდებებს,” მაგრამ “მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, ოღონდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად”.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი დაინტერესებულია “უკრაინისთვის ჰუმანიტარულ და სამოქალაქო სფეროში დახმარებაში.”

მსგავსი პოსტები

Back to top button