მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდა შესაძლოა რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს-უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდა შესაძლოა რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ.

“ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს.

“აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით” , – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ 24 იანვარს უკრაინას და რუსეთს სამხედრო ტყვეები უნდა გაეცვალათ. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის ინფორმაციით, დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება.

იუსოვის თქმით, უკრაინა ამოწმებს რუსეთის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე, შესაძლოა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავით რაკეტები გადაჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ თვითმფრინავით „ეს-300“-ის ტიპის რაკეტების ტრანსპორტირება ხდებოდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ილ-76“-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, გაცვლის მიზნით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები გადაჰყავდათ.

შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button