“აქ უსამართლობის გამო ვდგავართ ანგრევენ კლინიკას რომელმაც წლებს გაუძლო,,-რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს აგრძელებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსებმა კლინიკასთან აქციას მართავენ. მათ სიმბოლურად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც შენობის დემონტაჟს გულისხმობს, ამ ფორმით გააპროტესტეს.
ექიმების მოთხოვნა უცვლელია – გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და, საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს. მედიკოსები ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
“აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას. 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი,” – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შეჩერდება „შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი და ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი, აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ“.
„ჯანდაცვის სამინისტრო გველაპარაკება ულტიმატუმის ენით, რომ „თუ თქვენ 5 თებერვლამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და არ დათანხმდებით ე.წ უპრეცედენტო კომპენსაციას, მაშინ 5-იდან 15 თებერვლამდე რეორგანიზაციის პროცესში, ჩვენ ვიცით რასაც გიზამთ”. ასეთი ულტიმატუმით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში მზად ვიყავით სამუშაო პროცესისთვის და შეხვედრებისთვის. სამწუხაროდ, ახლანდელი ყველა შეხვედრა ეფუძნება მხოლოდ კომპენსაციაზე საუბარს, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
ამიტომ არ ვხვდებით ჯანდაცვის მინისტრს, ვიდრე არ შეჩერდება შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი, ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი. ამის შემდეგ ჩვენ შევხვდებით მინისტრსაც და აბსოლუტურად ყველას, სამუშაო მაგიდასთან, სამუშაო რეჟიმში რესპუბლიკურის და მისი შემდგომი ბედის განსახილველად“, – განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის, მალხაზ გოგუას განცხადებით, აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
„დღეს არის იმ აქციების გაგრძელება, რომელიც იყო. ჩვენი აქციები იმიტომ დაიწყო, რომ მთავრობამ მიიღო საავადმყოფოს შენობის დანგრევის გადაწყვეტილება, შემდეგ გამოიცა ბრძანება საავადმყოფოს შენობის თანამშრომლების დათხოვნაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო წყვეტს მუშაობას უახლოეს ორ კვირაში.
ეს არის პროტესტის გაგრძელება, არ გავჩერდებით. შაბათს ვაპირებთ საპროტესტო აქცია გავმართოთ მთავრობის სახლთან, იმიტომ, რომ სამინისტროდან უკვე რაც პირობები იყო, არაფერი არ შეასრულეს. ამიტომ მივმართავთ უკვე მთავრობას.
ასევე, შევიტანთ სარჩელს საქალაქო სასამართლოში, როგორც მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ისე ამ ბრძანების წინააღმდეგ.
ჩვენ ვითხოვთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვარწმუნა იმაში თუ რატომ არ გამოდგება ეს შენობა საავადმყოფოსთვის. შენობა მდგრადია და აქ საავადმყოფო თუ არა ბევრი სხვა რამ შეიძლება გაკეთდეს. საავადმყოფოსთვის რატომ არ გამოდგება, ამის მყარი არგუმენტები არ არის“, – აცხადებს მალხაზ გოგუა.
მედიკოსები ხვალიდან ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს აანონსებენ, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც საავადმყოფოს რეორგანიზაციაა დაგეგმილი. თუ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ისინი მზად არიან, უწყების ხელმძღვანელს შეხვდნენ.
ასევე დემონტაჟთან ერთად კლინიკაში დასაქმებულები, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უწყებას უნდობლობას უცხადებენ.
თანამშრომლები, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის დაწყებამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობის აშენებას ითხოვენ.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, “თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს”.
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”.
ცნობისთვის, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა ლოზუნგით – „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.