მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე ღარიბაშვილის ნაცვლად-საქართველოს ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგენენ ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს.
ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება.

„ცვლილებებზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში, ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო. ამ წარმატებების ჩამონათვალი ვრცელია და შეიძლება ამის ერთ-ერთი პოზიტიური ფინალი იყოს კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად ამ ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთიანი გუნდით, ერთიანი ჟინით, მონდომებით, მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დღეს ღარიბაშვილმა ბრიფინგზე “შეგნებულად” არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, რადგან მდინარაძის თქმითვე, “ფორმალობა დასაცავია”.

მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს და ამის შემდეგ წარედგინება პარლამენტს.
მდინარაძის თქმით, ასევე განიხილება, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა და დამტკიცდება ცვლილებები.

„პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს და დამტკიცდება ცვლილებები. რაში მდგომარეობს ცვლილებები: პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს და უკვე წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს ასეთი მონახაზი და ესეც აღსრულებაში მოვა პარტიის ხელმძღვანელი რგოლის მიერ – მის ადგილს პოლიტსაბჭოში, სამდივნოში, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც (ღარიბაშვილმა) შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით, წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი. შემდეგ ის უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით და პარლამენტში გაიმართება ჯერ კომიტეტების სხდომები, შემდეგ მთავრობის შემადგენლობა, კანდიდატის ხელმძღვანელობით, შეხვდება როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას. ამის შემდეგ ხდება პარლამენტის მიერ კენჭისყრა მთავრობის შემადგენლობისთვის, მის მეთაურთან ერთად. ყველა ეს პროცედურა, როგორც პარტიული წესდებით გათვალისწინებული, არის დასაცავი. წინასწარ საუბარი, რომ კანდიდატი დღეს არის ვინმე, თუნდაც ამ ფორმალური თვალსაზრისით არ არის მიზანშეწოლნილი. ადამიანი კანდიდატი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს წარუდგენს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და ამის შემდეგ ყრილობაც თავის მოწონებას, მხარდაჭერას დააფიქსირებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

ირაკლი კობახიძეს, ის 2016 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2021 წლის 21 ივნისს კი თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო – აქციის მონაწილეები მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანის გამო აკისრებდნენ პასუხისმგებლობას.
ირაკლი კობახიძე 2021 წლიდან “ქართულ ოცნების” თავმჯდომარეა, არის ასევე ამ პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში.

ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე (2013–2015), ასევე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.

ირაკლი კობახიძე პარტიის “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ამასთან, კობახიძე საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button