მნიშვნელოვანისიახლეები

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლინიკის პერსონალისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა.

„სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ექიმი ნინო ოთარიშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ამ შეთავაზებით “არაფერი იცვლება, მოთხოვნა რჩება ძალაში, შეჩერდეს კლინიკის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება”. ნინო ოთარიშვილის თქმით, კლინიკასთან ამ მოთხოვნით კვლავინდებურად გაგრძელდება საპროტესტო აქციები.

გუშინ, 30 იანვარს, “რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს ოთხი წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.

“რესპუბლიკურის” თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობენ:

დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე – მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე – მიიღებს ოთხთვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში – ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან შვიდი დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა ოთხთვიანი კომპენსაცია;
თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებენ, იმდენი ხნის განმავლობაში (სამი წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.
“რესპუბლიკურის” თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს.

სამინისტრო ამბობს, რომ “სამედიცინო ჰოლდინგის” ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. პერსონალის ნაწილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მათ რამდენიმე აქცია გამართეს და სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button