მნიშვნელოვანისიახლეები

“მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა” -საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. ბიურომ დღის წესრიგი 2 თბერვალს დაამტკიცა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში 5 თებერვალს 10 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 6 და 7 თებერვალსაც. 7 თებერვალს მოუსმენენ მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებიც.

​კენჭისყრის დღეს, 8 თებერვალს დილით კი, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ექნებათ შეხვედრა. პლენარული სხდომა მოგვიანებით, 12:00 საათზე გაიხსნება, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები და ბოლოს კენჭისყრა.

მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”. 1 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის დასახელებულ კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე ამ დრომდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში (ბიოგრაფიები) მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი იმუშავებს.

30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.

ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას კი, საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს.

კობახიძე ღარიბაშვილის ნაცვლად-საქართველოს ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა. დოკუმენტი იწყება სიტყვებით, რომლის მიხედვითაც “მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა”.

სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ჰქვია.

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს განვითარება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, სერიოზული გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე უწევდა. ბოლო წლებში გამოწვევები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზარდა და გამძაფრდა. ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, თითოეული ოჯახის დაცულობა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – წერია დოკუმენტში.

საგარეო პოლიტიკა
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამავდროულად, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების კუთხით ქვეყნის როლის გაზრდა.

“გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას”.

ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მომავალი მთავრობა გეგმავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის”.

სოციალური პოლიტიკა
მთავრობა გეგმავს გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამის არეალი და ეტაპობრივად მოიცვას დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე პროცესი. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

“პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”.

სახელმწიფო მმართველობა
პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იქნება დეცენტრალიზაციის დამტკიცებული პოლიტიკის წარმატებით გატარება.

დოკუმენტში რამდენიმეგანაა ნახსენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები:

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურება პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულებაა”.

სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს “ქართულმა ოცნებამ” დღეს, 2 თებერვალს წარუდგინა. უკვე გაწერილია მთავრობის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურებიც. ამ დროის მონაცემებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

მსგავსი პოსტები

Back to top button