პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირის რეკომენდაციებისათვის „სერიოზულად შეხედვისკენ“ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირის რეკომენდაციებისათვის „სერიოზულად შეხედვისკენ“ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს სერიოზულად უდგებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ“.
ეს სიტყვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 5 თებერვალს წარმოთქვა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველომ ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ბალკანეთის ქვეყნებისგან – კარგიც და ცუდიც.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ის ამბობს, რომ EU-ს კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა და თითოეულმა ქვეყანამ გაწევრიანებისთვის თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი.
ჰერჩინსკის თქმით, დასავლეთი ბალკანეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესშია ჩაბმული მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ 2008 წელს შეიტანა წევრობაზე განაცხადი. „კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია და ევროკავშირის კარი ასე ფართოდ გაღებული არასოდეს ყოფილა. ახლა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, – თქვა მან.
ელჩ ჰერჩინსკის თქმითვე, საქართველოს აქვს გარკვეული უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით:
როდესაც საქართველომ განაცხადი შეიტანა, უკვე ჰქონდა დაწყებული საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირთან, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან;
ელჩის თქმითვე, საქართველოს ახასიათებს „ძლიერი საჯარო ადმინისტრირება, – რაზეც ჯერაც მუშაობენ ბალკანეთის ქვეყნები“;
„საქართველოს უდიდესი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირთან გაერთიანებისკენ“.
საქართველოსთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „გასული წლის 12 პრიორიტეტისა და ამჟამინდელი 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია“; ამასთან, ნოემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.
„ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა მუშაობა, – ხაზს გავუსვამ, ერთობლივი მუშაობა – პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმითვე, ეს პროცესი „დროსა და ხარჯებს მოითხოვს“, ასე რომ, „რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება“.
„როდესაც წინ წაიწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან, რათა შეიქმნას სიმდიდრე და გაძლიერდეს სტანდარტები ქვეყანაში. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას“, – განაცხადა მან.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, – თქვა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ “ოცნება” ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. “ოცნების” დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი კი ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს EU-ში გაწევრიანების საკითხის “პოლიტიკურ ინსტრუმენტად” გამოყენებაში ადანაშაულებს.
კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან, ჩვენთვის საყურადღებოა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პარლამენტში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი გამორჩეულია.
„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველად მასპინძლობს საპარლამენტო დელეგაციებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისა და დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაერთიანებს, არის მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრები. საქართველომ გასული წლის 14 დეკემბერს მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ისტორიით, კულტურით, იდენტობით და, რა თქმა უნდა, ხალხის ნებით. ამ ისტორიულ მომენტამდე განვლილი გზა არ იყო მარტივი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე და გაეღოთ ევროკავშირის კარი ჩვენთვის. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ტრანსფორმაცია, ტოტალიტარული მმართველობის ფორმის ჩანაცვლება დემოკრატიული დღის წესრიგით და წარმატებული რეფორმები იქცა მთავარ ქვაკუთხედად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამ პროცესში დიდ ყურადღებას ვუთმობთ ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობებს, კავშირებს, თუმცა დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობები. უნდა ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი რთული ისტორიიდან გამომდინარე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ დრომდე საკმაოდ მწირი ურთიერთობები გვაკავშირებს და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები, დიდი ხანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან. ბუნებრივია, მათი გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის იდეაც სწორედ ეს არის, მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებ, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც საერთო მიზნის, ევროკავშირში წევრობის მიღწევაში დაგვეხმარება.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშე ცდგანან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა. პარლამენტების როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გამორჩეულია. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პარლამენტის წევრები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ამ ფორმატში, რომ საფუძველი ჩავუყაროთ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტებს შორის პოლიტიკურ დიალოგს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი წარმატებული შეხვედრა წინ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ამ იდეის მხარდაჭერისთვის, და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის განსაკუთრებული გულშემატკივარია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.