მნიშვნელოვანისიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს საშუალება ექნება ხმა ელექტრონული წესით მისცეს

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დროულად გაიხსნას საარჩევნო უბნები-ოპოზიციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს საშუალება ექნება ხმა ელექტრონული წესით მისცეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს მოიწვიოს გრძელვადიანი საერთაშორისო მისია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

პოლიტიკურ კონსენსუსს და არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა. ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ხარვეზები,

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა.

„ჩვენ, სამთავრობო შემადგენლობა თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებთან. ამ ყველაფერში თუ იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის, არის უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის სუბიექტური მიზეზის გამო, ეს არ არის მარტო ობიექტური ინტერესი, ქვეყნის ინტერესებშიც შედის რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში. არის აქ ერთი სუბიექტური ინტერესი – როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ჩვენ არ ვიწყებთ ხოლმე. თქვენ გახსოვთ, როგორც დაიწყო ეს ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო არჩევნების არცნობა, შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორია რიტორიკა და ასე შემდეგ. დღეს არ მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბრო. მინდა, მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო გეგმებზე, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პირობები იქნება ყველანაირად უზრუნველყოფილი, რათა არჩევნები სათანადო გარემოში ჩატარდეს. კობახიძის განცხადებით, ელექტრონული აპარატების მეშვეობით ხმის მიცემა გამოიწვევს სერიოზულ პროგრესს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით.

„იცით, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის პირველად ისტორიაში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, ამომრჩევლის 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული აპარატების მეშვეობით საარჩევნო უბნებზე, ასევე რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული აპარატების საშუალებით, რაც, ბუნებრივია, სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით. მოიხსნება ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიცაა დაუბალანსებელი ოქმების პრობლემა და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც კანონმდებლობის დონეზეა ასახული, ახლა მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციამ პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოს შესაბამისად არჩევნების ჩატარება. ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მისიების დაკვირვება და უახლოეს დღეებში გაიგზავნება ეუთო-ოდირ-ში წერილი საქართველოს მთავრობიდან, მოვიწვევთ გრძელვადიან მისიას. ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი პირობების შექმნა, რათა არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში. დაგეთანხმებით, რომ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას პოლიტიკური კონსენსუსის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიებმა “გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. ისინი ითხოვენ, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დროულად გაიხსნას საარჩევნო უბნები.

კამპანია “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” ორმა პარტიამ ერთად წამოიწყო, პარტიების თქმით, მიზანია ემიგრაციაში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებს შესაბამისი პროცედურების გავლაში დაეხმარონ, რათა მაქსიმალურად ბევრმა შეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს ქართველ ემიგრანტებს, 65-ზე მეტ ქალაქშია დაწყებული ხელმოწერების შეგროვება, აქედან 15-მდე ქალაქიდან ოფიციალური მოთხოვნაა გაგზავნილი უბნის გახსნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში და პასუხს არ სცემენ. ჩვენ მოვიტანეთ ოფიციალური მიმართვები ახლა მინისტრის სახელზე, სადაც ვითხოვთ, რომ ოფიციალურად დაადასტურონ რომ იმ ქალაქებში, სადაც იქნება 50-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვს უბნის გახსნას, რომ იქ გაიხსნება დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით, სადაც შემდეგ ცესკო-ს მიეცემა საშუალება, რომ გაიხსნას უბანი”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

“დროას” წევრი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ორი თვეა საგარეო არ პასუხობს წერილებს, რომლებიც ემიგრანტებმა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში, ასევე სამინისტროში და ცესკო-ში გაგზავნეს. მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვის სისტემა არის ხარვეზიანი, რადგან მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ აღრიცხავენ, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button