მნიშვნელოვანისიახლეები

მდინარაძე ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას პარალელს წინა მთავრობასთან ავლებს

ომოზიცია და ოცნება ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ალექსეი ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას პარალელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან ავლებს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე “არის თუ არა ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მსხვერპლი”, უმრავლესობის ლიდერი პასუხობს: “დიახ, რა თქმა უნდა”. მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, “ძალიან სამწუხაროა”.

“დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტები ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც აგერ 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს.

ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, NGO-ს ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კონტექსტში საოკუპაციო რეჟიმის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც ისმება ამ საკითხზე. ეს არის პარადოქსი ჩვენი ქვეყნის, თუმცა ის ცალკე აღებული, რაც გითხარით, ეს ჩემი პოზიციაა, რა თქმა უნდა”, – ამბობს მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ. შეკითხვა, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი? – პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა. „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება… კომენტარს, რომ არ ვაკეთებ, ახლა, მიზეზებს ხომ არ ავხსნი?!” – უთხრა პარლამენტის სპიკერმა მედიას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
“ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისათვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს”, – წერს ზურაბიშვილი.

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვას ეხმაურება და წერს, რომ ეს ტრაგედია “უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოლა არა მხოლოდ მისი სიცოცხლისთვის რისკის, არამედ სახელმწიფოსთვის კატასტროფის საშიშროების შექმნაა”.

ამ კონტექსტში ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ “რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის”.

“ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა.

სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პუტინმა ციხეში მოკლა ნავალნი. ამასთან, ის წერს, რომ პუტინი მას ნავალნის ხშირად ადარებდა და ორივე ეზიზღებოდა.

“პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.

შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში”, – წერს სააკაშვილი.

ლელო – საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი. ამის შესახებ მან გადაცემა ფორმულას დღეში ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, რუსეთში ცვლილებების დრო ნამდვილად დადგება, თუმცა ახლა მცდელობები, რომ მოსახლეობამ ალტერნატივა დაინახოს, კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას დაექვემდებარება.

“ნავალნის დაღუპვა აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ ბრუტალურია დღევანდელი რუსული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეპყრობა პუტინი მის თანამოქალაქეებს, რომლებსაც აგზავნის სიკვდილზე უკრაინაში, ასობით ათასი უკვე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეწირება პუტინის აგრესიულ მიზნებს და მისთვის ადამიანის სიცოცხლე ნამდვილად აბსოლუტურად არანაირი ღირებულების მქონე არ არის.

ნავალნი გამორჩეული სიმამაცის ადამიანი აღმოჩნდა. ის პრაქტიკულად გერმანიიდან დაბრუნდა გარანტირებულ სიკვდილზე რუსეთში, მაგრამ მან გამოაჩინა თავისი სიმამაცე, თავშეწირვა და ეს ძალიან დასაფასებელია, ეს არის გამორჩეული თვისება და ამ მხრივ, მისი ეს თავშეწირვა არ შეიძლება დარჩეს ყოველგვარი კვალის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთში იქნება ცვლილებები, ეს გარდაუვალია. კი, დღეს პუტინის რეჟიმი პირდაპირ ანადგურებს თავის ოპონენტებს, ფიზიკურად ანადგურებს, მაგრამ წარსულიდან გამომდინარე, წარსული ისტორიული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის მმართველები ვერ ახერხებენ ცვლილებების საბოლოო ჯამში შეკავებას და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება.

მაგრამ დღეს იმდენად რკინის ხელში უკავია რუსეთის ფედერაციის კონტროლი, რომ ამ წუთას ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაც ალტერნატივა დაინახოს მოსახლეობამ, ნებისმიერი მცდელობა ხვდება კრემლის მხრიდან სასტიკ დასჯას და ჩვენ ვნახეთ, კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთის ბრუტალური რეჟიმის ნავალნის სახით”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მოკლა.

ბოკუჩავას თქმით, ნავალნი უკეთესი და დემოკრატიული რუსეთისთვის ბრძოლის ერთგვარი სიმბოლო იყო. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

“ნავალნი უკეთესი რუსეთისთვის ბრძოლის ერთგვარი სიმბოლო იყო, უფრო დემოკრატიული რუსეთისთვის, პუტინის დამნაშავე, კორუმპირებული რეჟიმის გარეშე. დღეს საქართველოც ასეთივე მმართველობის საფრთხის წინაშე დგას, ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმის პირობებში, იმ კლანური მმართველობის პირობებში, რომელიც იბრვის ხელისუფლებაში დარჩენისთვის.

ნავალნი პუტინის რეჟიმმა მოკლა. დარწმუნებული ვარ, ისიც [სააკაშვილი] კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ გაიზიაროს არა რუსეთის შავ-ბნელი ბედი, არამედ გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, გახდეს ევროპის ნაწილი და დაადგეს შეუქცევადი კეთილდღეობის მოპოვების გზას”, – ამბობს ბოკუჩავა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

მსგავსი პოსტები

Back to top button