ავდეევკის ერთ-ერთ რაიონში მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში იმყოფებიან
რუსეთის არმიამ 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო მასიური შეტევა ქალაქ ავდეევკაზე რომელიც უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება

გასულ ღამეს რუსეთმა ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 114 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
გასულ 24 საათში ფრონტზე სულ 95 სამხედრო შეტაკება მოხდა.
ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად.
მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავდეევკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში, „ზენიტის“ პოზიციიდან გასვლაზე, – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა.
ალექსანდრე ტარნავსკის თქმით, შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება პირადი შემადგენლობის შენარჩუნებისა და ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს.
„ჩვენ ვიკავებდით ამ პოზიციას იქამდე, ვიდრე შესაძლებელი იყო მტრის ეფექტურად შეკავება და განადგურება. გაყვანის გადაწყვეტილება პირადი შემადგენლობის შენარჩუნებისა და ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული. ამ პოზიციების ტაქტიკურად დაკავება არ აძლევს მტერს სტრატეგიულ უპირატესობას და არ ცვლის ვითარებას ავდეევკის თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში. ამჟამად გრძელდება ჯარების გადაჯგუფება, მარაგის შევსება და დანაყოფების ახალ პოზიციებზე მოწყობა. დაგეგმილია დანაყოფების გაძლიერება“, – განაცხადა ალექსანდრე ტარნავსკიმ.
ავდეევკის ერთ-ერთ რაიონში მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში იმყოფებიან, – ამის შესახებ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თქმით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ვითარება კრიტიკულია, ზოგან კი – დაძაბული, რადგან ზოგიერთ ადგილას – 180-გრადუსიანი, ზოგან კი 360-გრადუსიანი ალყაა.
როდიონ კუდრიაშოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ შესაძლებლობა, გახსნან ეს რგოლი დამრტყმელ-მოიერიშე ოპერაციების დახმარებით.
„მტერს მართლაც დიდი უპირატესობა აქვს ჩვენზე. მოწინააღმდეგე სამხედროებს შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან ავდეევკაზე შეტევის დროს“, – განაცხადა უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ.
უკრაინაში, აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში, ოკუპანტების მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა პოლტავას ოლქში.
რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად კი დაიღუპა 3 და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ არსებობს უკრაინის ქალაქ ავდეევკის დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს არ აქვთ საკმარისი იარაღი. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება“, – აცხადებს კირბი.
მისი თქმით, დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით.
„რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფრონტის სხვა ადგილებშიც, შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდეევკაში ხდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზელენსკი აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელ სამხედროებს ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.
მიუნხენში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვევა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უკრაინა-საფრანგეთს შორის გაფორმდება უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება. შემდეგ კი ოლაფ შოლცთან ერთად, უკრაინა-გერმანიის შეთანხმება.
“ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად. გავმართე რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო აქტივობის წინ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები პარტნიორებთან, ახალი შეთანხმებები. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს არის ის, რაც უკრაინას არასდროს ჰქონია, თუმცა ყოველთვის საჭირო იყო”, – ამბობს ზელენსკი.
ჩემგან მთავარი სიგნალია ის, რომ ჩვენი სამხედროები უმთავრესია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც შეეხება ავდეევკას: ვითარება იქ [რთულია] უკვე დიდი ხნის განმავლობაში. გვახსოვს, რას უშვრება რუსეთი ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს. არ დაწყნარდებიან, სანამ იქ ყველაფერს ცოცხალს არ გაანადგურებენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ავდეევკას რაიონში უკრაინელი სამხედროები ახლა გმირულად იცავენ სტრატეგიულ ობიექტებსა და ლოგისტიკურ გზებს, რომლებმაც მტერს შესაძლოა წინსვლის საშუალება მისცეს.
„ამავდროულად, არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ახალ სამხედრო მიდგომებს იყენებენ. მათი ამოცანაა – ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხი…
და ეს მთავარი სიგნალია ჩემგან: ჩვენი სამხედროები უმთავრესია, რაც გვაქვს. და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. ყველას შეუძლია თქვას, რომ ომი – ეს დანაკარგებია. არა. უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ მცირე დანაკარგებით გვქონდეს. სწორედ ასეთ სიგნალს იღებს ჩემგან [შეიარაღებული ძალების] ხელმძღვანელობა. ხოლო იქ, ბრძოლის ველზე, უკვე პროფესიონალები არიან. იციან, რა უნდა ქნან,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ავდიივკაში არსებულ ვითარებას ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ალექსანდრე ტარნავსკიმ, “რთული, მაგრამ კონტროლირებადი” უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები “იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად.”
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელი მედიის 79 წარმომადგენელი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა სერხი ტომილენკომ საერთაშორისო საექსპერტო დისკუსიის დროს განაცხადა.
“უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტების მონიტორინგის მონაცემებით, ამჟამად ცნობილია სულ მცირე 79 ჟურნალისტისა და მედიის წარმომადგენლის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ”, – განაცხადა ტომილენკომ.
მისი თქმით, 79-დან 16 ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. დანარჩენები კი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში უკრაინის დაცვის დროს.
დისკუსია უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ორგანიზებით უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან ერთად და იუნესკოს უკრაინის ეროვნული კომისიის პატრონაჟით გაიმართა. მას ესწრებოდნენ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ტარას შევჩენკო, უმაღლესი რადას სიტყვის თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ იურჩიშინი, იაპონიის საელჩოს, უკრაინაში იუნესკოს ბიუროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და უკრაინელი ჟურნალისტები.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ამ დროისთვის, 25 უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.