ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია
უკრაინა იძიებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების შესაძლო დახვრეტას

უკრაინის პრეზიდენტი ოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და კუპიანსკის მიმართულებაზე მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის გენერალთან და სხვა სამხედროებთან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია და ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის მეთაურთან, ოლექსი ტრუბნიკოვთან ჯარისკაცების საბრძოლო მასალით მომარაგების, რუსების მიერ დრონების გამოყენებისა და მათი განადგურების საკითხები განიხილა.
„მე თქვენი მჯერა. ჯანმრთელობას გისურვებთ. საკუთარ თავებსა და თქვენს კოლეგებს გაუფრთხილდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გამარჯვებას გისურვებთ“ ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ყოფნა.
მადლობა, რომ ყოველდღიურად აკეთებთ ასეთ დიდ საქმეს, იცავთ სახელმწიფოს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს!” მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.
უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე მაქსიმ ჟორინი აცხადებს, რომ ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში მტრის ალყაში მთლიანად იყო მოქცეული, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს. ამის შესახებ ის ტელეგრამარხზე წერს.
„ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გარკვეული დროით მესამე მოიერიშე ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში სრულ ალყაში იმყოფებოდა, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს“, – წერს ჟორინი.
მისი თქმით, რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, თითქოს ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი ჯერ კიდევ იმყოფება ავდეევკის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„იქ არ დარჩა ჩვენი არცერთი მებრძოლი. იქ, პრინციპში, არაფერი დარჩა რამდენიმე ნახევრად დანგრეული სარდაფის გარდა“, – წერს ბრიგადის მეთაურის მოადგილე.
შეგახსენებთ, შაბათს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსადალმა, ალექსანდრ სირსკიმ ავდეევკიდან უკრაინული დანაყოფების გაყვანის შესახებ განაცხადა.
ამასთან უკრაინა იძიებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების შესაძლო დახვრეტას. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკიდან გასვლა 17 თებერვალს დაიწყეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დონეცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით დაწყებული გამოძიების საფუძველია ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით 18 თებერვალს გავრცელებული ცნობა, რომ ავდეევკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე დახვრიტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადის 6 დატყვევებული სამხედრო.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილ სამხედროებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ და ევაკუაციას ელოდებოდნენ. პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებული დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ვესელოესთან ორი უკრაინელი ტყვის დახვრეტის სავარაუდო ფაქტზეც.
სამხედრო ტყვეების დახოცვა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და ომის მძიმე დანაშაულად ითვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღეს, 19 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ მოსკოვის მიერ უკრაინაში ანექსირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ავდეევკიდან „ქაოსურად გაიქცნენ“ და დატოვეს თავისი დაჭრილები, რომელთაგან 20-ზე მეტის ევაკუაცია რუსებმა განახორციელეს. მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება რთულია.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსებმა ქალაქ კუპიანკის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით იგი უკრაინულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს.