სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს-სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ მან თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანდეს, ან დაინტერესებულია თუ არა ერევანი ნატო-ს წევრობით, მირზოიანმა აღნიშნა:
“ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სომხეთი აღმოჩნდა, ქვეყანაში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვთ და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება. პირველად ევროკავშირი, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო” – თქვა მირზოიანმა