მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობის საწყობი და გადამამუშავებელი ობიექტი გახდა

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. მათ შორის მოსკოვის, ორიოლის და ბელგოროდის ოლქებზე.

12 მარტს, დილით, რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განახორციელეს შეტევები. არის ცნობები, რომ რუსეთში თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობის საწყობი და გადამამუშავებელი ობიექტი, უკრაინის კუპიანსკში განადგურდა საცხოვრებელი სახლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი “გადაიტაცეს და გაანადგურეს”. 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის თავზე, შვიდი – ბელგოროდის, დანარჩენები – ბრიანსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის რეგიონების თავზე, აცხადებს სამინისტრო. არის ცნობები კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებაზე ქალაქ ვორონეჟის თავზე, დასავლეთ რუსეთში.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ რამენსკის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც, მისი თქმით, “მოსკოვისკენ მიფრინავდა”.

“წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ”, – დაწერა მან “ტელეგრამზე”.

რამენსკის რაიონი მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
უკრაინას ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებია. ოფიციალური პირების თქმით, ორიოლის რეგიონში დრონი მოხვდა ნავთობის საწყობს, რამაც ხანძარი გამოიწვია, 17 ადამიანი ევაკუირებულ იქნა ახლოს მდებარე კორპუსებიდან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა 60-ზე მეტი მეხანძრის და სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოძახება.

რუსეთის ნავთობის საცავებზე დრონებით შეტევა არაერთხელ იყო, მათ შორის ბრიანსკის ოლქში 2024 წლის იანვარში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ბელგოროდის ოლქზეც. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ენერგომომარაგება შეუწყდა შვიდ დასახლებულ პუნქტს.

გასული ღამის განმავლობაში ოთხი დრონის „ჩამოგდებას“ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი, რომელიც შედეგებს არ აკონკრეტებს.
ნიჟნი-ნოვგოროდში დრონი მოხვდა ნავთობის საწყობს, გაჩნდა ცეცხლი – იუწყება რეგიონის გუბერნატორი გლებ ნიკიტინი.
საუბარია ქალაქ კსტომში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.

„დილით კსტომის სამრეწველო ზონაში, ენერგეტიკული ობიექტის კომპლექსზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განხორციელდა“, – წერს ნიკიტინი ტელეგრამარხში და აღნიშნავს, რომ დარტყმის შედეგად ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.

მისი ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია „ლუკოილის“ განცხადებით, საწარმოზე ტექნოლოგიური დანადგარის მუშაობა „ინციდენტის გამო“ შეჩერდა. ამასთან, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა ინციდენტზეა საუბარი.
პარალელურად, უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური აცხადებს, რომ რუსეთმა 12 მარტს ბომბი ჩამოაგდო საცხოვრებელ სახლზე ქალაქ კუპიანსკში, ხარკოვის რეგიონში. ბომბმა დიდი ზიანი გამოიწვია, რამდენიმე კერაზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის – იუწყება სამსახური ტელეგრამით. უკრაინის დასავლეთში მდებარე ტერნოპილის რეგიონიდან სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ რუსეთის დრონმა ინფრასტრუქტურა დააზიანა, მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button