მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლის მოწინააღმდეგე რუსები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა"

უკრაინაში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.
ბრძოლებია რუსეთის კურსკის ოლქის დაბა ტეტკინოსა და ბელგოროდის ოლქის დაბა გორკოვსკისთან, სადაც საზღვარი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. მათი წევრები უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი რუსები არიან.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია პონომარიოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფელი ლოზოვაია რუდკა „გამათავისუფლებელი ძალების სრულ კონტროლქვეშაა“.

„ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრ-სანტიმეტრ წავართმევთ“, – წერს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამ“ პოსტში.

რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა „ციმბირის ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.

უწყების მტკიცებით, რუსეთის არმიამ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვა.
კრემლის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხების თანახმად, კურსკის ოლქში „საზღვრის გარღვევის მცდელობა“ იყო, „მოწინააღმდეგის ნაწილი განადგურებულია, დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
ტელეგრამარხებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს ფორმირებებმა – „რუსეთის თავისუფლებამ“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ლეგიონმა“. ვრცელდება ცნობები კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში საზღვრის მიმდებარედ შეტაკებების შესახებ.

„რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორმირებები რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებიან და მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი დანაყოფები. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამჟამად აღნიშნული გაერთიანებების ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს.
რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ ტელეგრამ-არხზე 12 მარტს გამოქვეყნდა პოსტი: „საზღვარი გადავკვეთეთ“ და ვიდეო, რომელზეც გაურკვეველი ტექნიკის გადაადგილება ჩანს. ლეგიონის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს, ყველა ზომას მიმართავენ მისი დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ, კარზე ზარის არ ეშინოდეთ, თავისუფლად თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცენ იმას, ვისაც სურთ.

რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ამ კვირაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ტელეკომპანია „24-ე არხს“ განუცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების ზონად იქცა უკრაინასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონი.

ინფორმაცია დღეს, 12 მარტს დილიდან ჯერ ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მისი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა” მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით”, შემდეგ კი „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებით და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა უშიშროების ფედერალური სამსახურის და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, ავიაციის, რაკეტების და არტილერიის გამოყენებით „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა” და მოწინააღმდეგეს „არსებითი დანაკარგებით უკან დაახევინეს“. რუსეთი ირწმუნება, რომ ბელგოროდის ოლქში განადგურებულია 60-მდე „უკრაინელი ტერორისტი“ და 5 ტანკი.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილით „უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების“ 4 შეტევა მოიგერიეს კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტეტკინოს რაიონში, სადაც „მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგებით“ უკან დაიხია.

დღეს დილიდან, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. მათი წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან თავიანთი სამშობლოს, რუსეთის, გათავისუფლებას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button