აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი რომელიც TikTok-ს აკრძალავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).
პროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში პლატფორმის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ექვსი თვე ექნება ამერიკული აქტივების გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაბლოკვა ემუქრება.
კანონპროექტი კრძალავს „ტიკ-ტოკს“ აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში, თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, „ბაით დანსისგან.“
თუმცა Reuters აღნიშნავს, რომ სენატში ვითარება სხვანაირია, რადგანაც ზოგიერთს მიაჩნია, რომ უცხოურ საკუთრებაში არსებული აპლიკაციები, რომლებიც შეიძლება უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, სხვანაირად უნდა დარეგულირდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში.
ამავდროულად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ კანონპროექტს სენატი მხარს დაუჭერს. „ტიკ-ტოკის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს მათ ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონზე მცირე ბიზნესზე და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, – ნათქვამია განცხადებაში. TikTok-ის საკითხი ვაშინგტონში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათი ოფისები უამრავ ზარს იღებენ TikTok-ის მომხმარებელი მოზარდებისგან, რომლებიც პლატფორმის შენარჩუნებას მოითხოვენ.
გასულ კვირას კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტზე. პლატფორმის მიმართ არაერთი ბრალდება არსებობს, რომ ის შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლებისთვის მომხმარებლის კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდეს და კონტენტს პოლიტიკურად აცენზურებდეს. TikTok-ს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ გადასცემს და არ აპირებს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების გადაცემას ჩინეთისთვის.
TikTok-ის აკრძალვის მცდელობა 2020 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და 2023 წელს შტატ მონტანას ჰქონდათ, თუმცა ორივე მცდელობა სასამართლოებმა პირველი შესწორების დარღვევისთვის დაბლოკეს.
ამჟამინდელ კანონპროექტს თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა. პრესსპიკერის კარინ ჟან პიერის განცხადებით, ადმინისტრაციას სურს “დაინახოს, როგორ მიიღებენ ამ კანონპროექტს, რათა პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს”.
კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს არაა პლატფორმის დაბლოკვა, რადგან ByteDance-ს საშუალება აძლევს გაყიდოს აქტივები და ამით თავი აარიდოს აშშ-ში მის დახურვას.
TikTok კი, რომელსაც აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ უცნობია დაამტკიცებს თუ არა ჩინეთი რაიმე გაყიდვა ან შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ექვს თვეში გაყიდვა.