პუტინი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის თუმცა ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს.
პუტინმა ინტერვიუ მისცა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაჯგუფში შემავალი ტელეარხის, „როსია 1-ის” და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისელიოვს.
კრემლი „არსებულ რეალიებად“ მიიჩნევს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას, რასაც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევი არასდროს დათანხმდება.
„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ.
„უფრო ჭკვიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ საჭიროა რუსეთთან სტრატეგიის შეცვლა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეები მოლაპარაკებების პროცესის განახლების, ამ კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნის. სხვათა შორის, საშიში ხალხია, ცხვირი კოკაინში? მაგრამ არა უშავს, ასეთებთან უფრო მარტივია, ჭკვიანებთან კი უფრო რთულია. ისინი საშიშები არიან, რადგან საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისაც“, – აცხადებს პუტინი.
მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები არ არის პაუზა კიევის გადაიარაღებისთვის, არამედ სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ჩათვლით.
”მზად ვართ სერიოზული საუბრისთვის და გვინდა ყველა კონფლიქტი, და განსაკუთრებით ეს კონფლიქტი, მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პაუზა, რომლის გაკეთებაც მტერს სურს გადაიარაღებისთვის და ეს არის სერიოზული საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებით“, – განაცხადა პუტინმა..
2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.
უკრაინას მიზნად აქვს გამოცხადებული თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრულად, 1991 წლის საზღვრებში აღდგენა.