“ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე!” -შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

“ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე!” -ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
ისინი რეაბილიტაციის პროგრამის გაფართოებას ითხოვენ, მათ შორის თერაპიული საშუალებების ჩამონათვალის გაზრდას. ამასთან, მათი მოთხოვნა ოპერაციების სრული დაფინანსებაა.
“ოჯახებს ესაჭიროებათ ბავშვებისთვის მეტი თერაპიების დანიშვნა. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, აქვა თერაპიების დანიშვნას. ვითხოვთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები, განსაკუთრებით რეგიონებზეა საუბარი. რეგიონებში დიდი სირთულეა, ძალიან ბევრი შშმ ბავშვი უყურადღებოდ არის დატოვებული. იქ ელემენტარულად არ არის სერვის ცენტრები”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც შშმ ბავშვთა მშობლები ამბობენ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
“მთავრობისგან ვითხოვთ მეტ ჩართულობას და ყურადღების მიქცევას შშმ ბავშვების პრობლემების მიმართ. ჩვენ გუშინ გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა, სადაც დაგვპირდნენ, რომ შეიცვლებოდა რეაბილიტაციის პროგრამის განრიგი, რომელმაც პრობლემები შექმნა და ეს ადამიანები გააერთიანა და გამოიყვანა ქუჩაში. ეს საკითხი მოგვარდება, თუმცა ჩვენ გვაქვს გამოვლენილი ძალიან ბევრი პრობლემები, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ერთი უწყების ჩართულობას, არამედ სხვა უწყებებისაც. იმიტომ, რომ არის ბევრი კომპლექსური საკითხი…
თერაპიების რაოდენობა ისე შემცირდა ერთი თვის ჭრილში, რომ ეფექტიანობა იკარგება თვითონ თერაპიების და, რეალურად, ასეთი ცვლილება პრაქტიკულად ეწინააღმდეგება თვითონ კანონპროექტის დანიშნულებას, რომ შეუმსუბუქოს ბავშვს ცხოვრება და ადაპტაციაში ხელი შეუწყოს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გუშინ, შშმ ბავშვთა მშობლები ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ, სადაც იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა მშობლებმა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.