,,რუსეთს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს,,-პუტინმა არჩევნები რეკორდული პროცენტით მოიგო
რუსეთის სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს, 21:00 საათზე დასრულდა

პუტინის არჩევნებზე ხმების დათვლა დასრულებულია. პუტინმა ხმების 87.3% აიღო და ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დათვლილია ბიულეტენების 99,79%. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა, მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მათ შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.
პუტინმა ყველაზე მეტი ხმა, 98,99% ჩეჩნეთში მიიღო. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პუტინის მხარდაჭერა 85,57%-ია.
მედიის ცნობით, მეორე ადგილს იკავებს ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) 4.31 პროცენტით, მესამე ადგილზეა ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი) 3.85 პროცენტით, მეოთხეზე კი – ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) 3.20 პროცენტით. რუსული მედიის ცნობითვე არჩევნებში 77.4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 21 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადებს.
ცესკოს ინფორმაციით, პუტინს ხმა 76 მილიონმა მოქალაქემ მისცა. ეს მათი მტკიცებით, რუსეთის არსებობის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. კომისიაში ამბობენ, რომ 2018 წელს პუტინს ხმა 56.4 მილიონმა ადამიანმა მისცა.
წინასწარი მონაცემების გავრცელების შემდეგ პუტინმა მედიასთან საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ რუსეთს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს, თუმცა ამისთვის აუცილებლად დაასახელა ე.წ. სპეცოპერაციების ამოცანების გადაჭრა, თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება. აქვე პუტინმა არ გამორიცხა, უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შექმნას.
რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნის სიკვდილის შემდეგ პირველად ახსენა მისი გვარიც და დაადასტურა, რომ განიხილებოდა მის გაცვლა დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში.
გარდა ამისა დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ”. მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს ცნობით, 18 მარტის 04:24 საათისთვის ცნობილია, რომ რუსეთის 21 ქალაქში სულ მცირე 86 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 28 – ყაზანში.
შეგახსენებთ რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74,22% შეადგინა. წინა, 2018 წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 67,54% იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა.
ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, რუსეთის ბევრ ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობდა. რუსეთმა “არჩევნები” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩაატარა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.