მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მა უკრაინას მოუწოდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეწყვიტოს – Financial Times

მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს გავრცელებულ ცნობას თითქოს ვაშინგტონი მოითხოვდეს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე

გამოცემა Financial Times რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა უკრაინას მოუწოდა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს და გააფრთხილა, რომ დრონებით თავდასხმები ნავთობის გლობალური ფასების გაზრდისა და რუსეთის მხრიდან შურისძიების პროვოცირების საფრთხის შემცველია.

FT-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მაღალჩინოსნებსა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატს (ГУР) ვაშინგტონისგან განმეორებითი გაფრთხილებები გადაეცათ.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, თეთრი სახლი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებით, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, საცავებსა და საწყობებზე მთელს დასავლეთ რუსეთში ხორციელდება და ნავთობის წარმოების შესაძლებლობებს ზიანს აყენებს.

მოსკოვისთვის ნავთობისა და გაზის სექტორზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთი მსოფლიოში ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორად რჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 85 დოლარამდე, დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, ეს კი მოახლოებულ არჩევნებში ჯო ბაიდენის სასარგებლოდ სულაც არ მუშაობს.

როგორც Financial Times წერს, ვაშინგტონი ასევე შეშფოთებულია, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს დარტყმებს რუსულ ობიექტებზე, მათ შორის, საზღვრიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ ინფრასტრუქტურაზე, რუსეთს შეუძლია საპასუხო დარტყმა მიაყენოს იმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც დასავლეთი ეყრდნობა.

ეს ეხება კასპიის მილსადენის კონსორციუმსაც, რომლის საშუალებითაც ნავთობი ყაზახეთიდან რუსეთის გავლით გლობალურ ბაზარზე გადის. მილსადენს, რომელიც რუსეთმა 2022 წელს მცირე ხნით დახურა, იყენებენ ისეთი დასავლური კომპანიები, როგორიცაა ExxonMobil და Chevron.

კიევში სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ 2022 წლიდან რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სულ მცირე, 12 თავდასხმა განხორციელდა, ხოლო წელს, სულ მცირე 9-ჯერ უკრაინელები თავს დაესხნენ რამდენიმე ტერმინალსა და სასაწყობე ინფრასტრუქტურას.

კიევმა გასულ კვირას წარმატებით განახორციელა 2 ყველაზე დიდი თავდასხმა შვიდი რუსული ენერგეტიკული ობიექტის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს გავრცელებულ ცნობას, თითქოს ვაშინგტონი მოითხოვდეს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე.

“ეს არის ფიქციური ინფორმაცია. ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინას ვერავინ უკარნახებს საომარ პირობებს. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უკრაინას შეუძლია გაანადგუროს რუსეთის ხელთ არსებული ომი ინსტრუმენტები. საწვავი ომის ძირითადი ინვენტარია. ამიტომ უკრაინა მომავალშიც გაანადგურებს საწვავის ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა პოდოლიაკმა 22 მარტს ტელეკომპანია “დოჟდთან“ ინტერვიუში.

მანამდე Financial Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას მოუწოდა შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების იერიშებმა შეიძლება ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომების პროვოცირება გამოიწვიოს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა ძლიერი ხანძარი და სრულად ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა დრონებით იერიშის შედეგად, რაშიც რუსეთის კიევს ადანაშაულებს.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს.
ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900 000 ბარელით შემცირდა.
13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button