მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის გარემოცვას არ სჯერა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის მონაწილეობისა

აშშ და დიდი ბრიტანეთი ტყუილს და სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას, რომ საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმის უკან დგანან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა კავშირი ჰქონდეს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან, რუსეთის ლიდერის უახლოესი წრის ნაწილი არ ეთანხმება ამას, წერს Bloomberg-ი კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე ოთხ ადამიანზე დაყრდნობით.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს თავად პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ფსბ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ ესწრებოდა დისკუსიებს, რომელთა დროსაც ოფიციალური პირები თანხმდებოდნენ, რომ მომხდარს კიევთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ეს ტრაგედია გამოიყენოს უკრაინაში ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად, ირწმუნება Bloomberg-ის წყარო.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლის ოფიციალური პირები შეაძრწუნა იმან, რომ უშიშროების სამსახურებმა ვერ აღკვეთეს თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე ცეცხლსასროლი იარაღით. რუსეთში მათთვის ნაცნობი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტიდან თითქმის არავის არ სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო ხელი შეეწყო ამ თავდასხმისთვის, წერს სააგენტო.

კიევში კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტრაგედიაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე უწოდა Bloomberg-ის პუბლიკაციას „ყველა ფეიკის დედა“. თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სულ მცირე 180 ადამიანი დაშავდა

გარდა ამისა აშშ და დიდი ბრიტანეთი ტყუილს და სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას, რომ საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმის უკან დგანან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან ამ ქვეყნების კავშირის შესახებ 26 მარტს განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ჟურნალისტებმა ბორტნიკოვს ჰკითხეს, დგანან თუ არა ტერაქტის უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. „ვფიქრობთ, რომ ასეა“, – იყო ბორტნიკოვის პასუხი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ამ განცხადებაზე აშშ-ის რეაქციის შესახებ ჟურნალისტებმა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, მეთიუ მილერს, ჰკითხეს ვაშინგტონში 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მილერის თქმით, რუსეთის განცხადება ტყუილია. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდასხმასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უკრაინას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. მეთიუ მილერის თანახმად, რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის კომენტარები წარმოადგენს პროპაგანდას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისკენ.

რუსეთის განცხადებებს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან დასავლეთის და უკრაინის კავშირის შესახებ, სრული სისულელე უწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა. მისი განცხადებით, სრულად იზიარებენ აშშ-ის შეფასებას, რომ თავდასხმაზე ერთადერთი პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა”.22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ტერაქტში ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button