მუნიციპალიტეტის მერები მეორე დღეა სოციალურ ქსელში რუსულ კანონთან დაკავშირებულ მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებენ

საჯარო მოხელეების კამპანია რუსული კანონის მხარდასაჭერად.
უკვე მეორე დღეა, საჯარო მოხელეები სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებენ.
მუნიციპალიტეტის მერები, მათდამი დაქვემდებარებული სამსახურებისა და აიპების წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში სპეციალურ ჩამონათვალს ავრცელებენ, სადაც კანონის ძირითადი დებულებებია ჩამოთვლილი.
კამპანიასთან დაკავშირებით, თანამდებიბის პირებს, განმარტების გაკეთება არ სურთ, თუმცა სხვა მოხელეებისგან განსხვავებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
“კანონის შინაარსის განხილვაში ვერ შევალ. დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.რაკი გავაზიარე, ესე იგი, მხარს ვუჭერ”- განაცხადა ანდრიაშვილმა.
რუსული კანონი გასული წლის მარტში,” “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, უკან გაიწვია.
უმრავლესობის ლიდერებმა, მაშინ პირობა დადეს, რომ კანონის ხელახლა ინიცირება აღარ იგეგმებოდა.
3 აპრილს, გაცემული დაპირების საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი, ოფიციალურად დააინიცირა.
კანონპროექტის პარლამენტში შებრუნებას, უკვე მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის , ევროპარლამენტარების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნატოს გენერალური მდივნის ნეგატიური გამოხმაურება.