პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს
ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით"

ქართული ოცნების მიერ ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის დარეგისტრირების შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, “რისი პირობაც შარშან დაიდო”.
“იხილეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო ბიუროზე და არ გატარებულიყო რეგისტრაციაზე, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში და ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა.
პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს”, – თქვა გიორგი მსხილაძემ.
ის დღეს ესწრებოდა ბიუროს სხდომას, რომელიც რუსულმა კანონმა გაიარა და სადაც გადაწყდა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა. განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. ბიუროს სხდომაზე მსხილაძემ თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო.
გარდა ამისა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა“.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!“
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ). კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე 15 აპრილს დაიწყება. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჟურნალისტები არ შეუშვეს.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.