მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები ხვალაც გაგრძელდება

„აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველი შემთხვევა არ არის, რომ საკითხებს ვიხილავთ და კენჭისყრები სხვა დროს არის. დღეს სავარაუდოდ პოლიტიკურ გამოსვლებს ვერ მოვრჩებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრა ვერ შედგება, რადგან რეგლამენტის მიხედვით, სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს.
78 მომხრე 25 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა გაგრძელდება, კენჭისყრაზე უმრავლესობამ ალტერნატიულ კანონპროექტებს მხრი არ დაუჭირა.

რუსული კანონის განხილვას პარლამენტი ოფიციალურად იწყებს. პროექტი ცოტა ხნის წინ წარადგინა მამუკა მდინარაძემ.

ორი ალტერნატიული პროექტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის“ წევრების მიერ იყო ინიცირებული.

ალტერნატიული პროექტები:

“ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

მეორე ალტერნატივა – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე სწორედ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრეს ძირითად კანონპროექტად, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ პროექტებს ალტერნატიული ინიციატივის სტატუსი მიანიჭეს.

ე.წ. აგენტების კანონის მომხსენებელი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილს პლენარული სხდომა 21:00 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუკი ეს დრო კანონპროექტის პირველი მოსმენით განსახილველად საკმარისი არ აღმოჩნდა, სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2014 წელს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 17 მაისი დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
შეგახსენებთ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button