პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
როგორც გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, თუ რა სამართლებრივ მიმართულებას მისცემენ საქმეს, ამას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტენ.
„ეს ლაზარესთან შეუთანხმებლად ვერ მოხდება, დაახლოებით, ორი კვირა გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ, რის შემდეგაც, უზენაესში გავასაჩივრებთ. თუკი უზენაესი სასამართლოც განაჩენს ძალაში დატოვებს და ლაზარე საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ წავალთ, თუმცა, ეს ლაზარე გიგორიადისმა უნდა გადაწყვიტოს. დაახლოებით, 3-4 დღეში, ეს გადაწყვეტილება მიღებული გვექნება”,- განაცხადა ბითაძემ.
მან ასევე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც.
„[ლაზარეს] სასწაული ემოციები ჰქონდა, თითქოს, შოკში იყო, მგონი ვერ აღიქვამდა, სად იყო, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ადამიანს სრულად უკანონოდ, დაუსაბუთებლად მიესაჯა 9 წელი, რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტმა მისივე დისკრეციის გამოყენებით, მისივე კეთილი ნებით, შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი და თან დაასაბუთა, რომ მოცემულ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ იყო, რაც მის ბრალეულობას ადასტურებდა“,- განაცხადა ბითაძემ.
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისის კომენტარს, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაღებინეს ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობა, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემ შესაბამის უწყებებს მიმართა.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლაზარე გრიგორიადისის აღიარებასთან დაკავშირებით მუქარა იყო, როგორც თვითონ განგვიმარტა, თუ ბრალს არ აღიარებდა, მის მეგობარს დააკავებდნენ. ამასთან დაკავშირებით საჩივრით როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექციას მივმართეთ. ჩვენი თანდასწრებით ლაზარეს არც აღიარებითი ჩვენება მიუცია და არც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიუღია”,- განაცხადა ბითაძემ.
პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , – აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.
მისივე შეფასებით, „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ.
კითხვაზე მიმართავს თუ არა ის ახალგაზრდებს, ლაზარემ აღნიშნა, რომ ისინი ისედაც აქტიურები არიან აქციაზე.
გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა.
„რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან. ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც. რაც შეეხება შეწყალებას, შოკში ვიყავი, ერთადერთი რაც გავიგე, რომ „მე ის შევიწყალეო“ და მაგის მერე არ მახსოვს არაფერი, ძალიან ემოციური იყო“,- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა.
ის მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ.
„როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა.
ლაზარე გრიგორიადისმა პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა. ის სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მადლობას უხდის.
ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.
ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთეს მისმა ოჯახის წევრებმაც:
ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე: “ახლაც არაფერი შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ ცოტა ხნით მქონდა გადაკვეთის საშუალება, მეტი შანსი არ მომცემია.”
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე: “ლაზარე თავისუფალია, ახლა მიგვყავს სახლში. ბედნიერები ვართ, გახარებულები ვართ და მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”.
შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.