აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება.
“ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა. დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო სხვა შეიარაღებას.
მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
პაკეტში შემავალი ერთ-ერთი კანონპროექტი განკუთვნილია ისრაელის დახმარებისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და ის 26,4 მლრდ დოლარს მოიცავს. მესამე კანონპროექტით გათვალისწინებულია 8,1 მლრდ დოლარის გამოყოფა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ძირითადად მიმართულია რეგიონში, მეტწილად ტაივანის წინააღმდეგ, ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად.
მეოთხე კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების გაზრდა რუსულ აქტივებზე, ახალი სანქციები ირანისთვის, ამასთან, კანონპროექტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრათვიან ვადას უწესებს სოციალური ქსელის, TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი 20 აპრილს მიიღო მრავალთვიანი დავის შემდეგ.
აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თუმცა, შოლცი იგივე პოზიციაზე და უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს, რადგან მისი დიაპაზონი 500 კმ-ს ფარავს და თეორიულად საშუალებას აძლევს უკრაინელ სამხედროებს დაარტყან სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის ჩათვლით.
„კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია […] პუტინი ცდება თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტი აშშ-ის სენატმა დღეს დაამტკიცა და მას მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა აკლია.
კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
დმიტრო კულებამ დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ იარაღის წარმოება უკრაინისთვის დახმარების გასაზრდელად.
„ვერცერთი ცალკეული დახმარების პაკეტი ვერ შეაჩერებს რუსებს. რუსეთს რაც გააჩერებს, არის მთელი უკრაინის და მისი პარტნიორების ერთიანი ფრონტი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ მოუწოდა დასავლეთს, გაზარდოს იარაღის წარმოება, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა, რადგან კიევში საჰაერო თავდაცვის დეფიციტის ფონზე, რუსეთი ათჯერ მეტ იარაღს აწარმოებს.
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
გერმანიის ოპოზიცია მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს, ზემოქმედება მოახდინოს გერმანიის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე, რათა მან უკრაინას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“.
ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ რიში სუნაკის გერმანიაში ვიზიტის წინ გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბერლინში დღეს ჩადის.
როგორც გერმანელი ოპოზიციონერები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, აუცილებელია ზეწოლა გერმანიის ხელისუფლებაზეც, რომ ის კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემას დათანხმდეს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ არ აპირებს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“, რადგანაც, შოლცის თქმით, მათ სამართავად გერმანელი სამხედროების ჩართულობა იქნება საჭირო, რაც ბერლინის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაბმის საფრთხეს აჩენს.