,,ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში – კობახიძე
,,ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის,, - კობახიძე

რა თქმა უნდა, არა – ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს”.
კობახიძის მტკიცებით, ამ კანონზე უარის თქმა არ შეიძლება.
“თქვენ გახსოვთ, რომ პოლარიზაცია ძალიან მცირე ფორმით 2004-2012 წლებშიც იყო გამოხატული, მანამდეც იყო პოლარიზაცია. მაშინ პოლარიზაციის მიზეზი რა იყო? – ის იყო, რომ წინა ხელისუფლება – “ნაცმოძრობა” პირდაპირ პატიმრებს აწამებდა, ტოტალური ბიზნესის რეკეტი. აი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში განაპირობებდა პოლარიაზაციას. მედიის მიტაცება, პირდაპირ “ტვ იმედში” შეიჭრნენ, მანამდე “რუსთავი 2” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიიტაცეს, არჩევნებს აყალბდნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს. ამის შემდეგ ეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში დარჩა. ამან განაპირობა იმთავითვე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და ეს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი არის შენარჩუნებული. განსაკუთრებით გამწვავდა ეს პოლარიზაცია, ანუ რადიკალიზაცია სინამშვილეში 2020, 2021, 2022, 2023 წლებში. თქვენ ხედავთ, რომ ყოველ წელს საზოგადოება არის უკვე დაღლილი, იმ ყველაფრით, რაც ხდება. ყოველ წელს რევოლუციის მოწყობას ცდილობენ. და გამოდიან ყოველ წელს ლაპარაკობენ, რომ “ეს ქვეყანა არაფერს არ იმსახურებს, მათ შორის, არც ევროინტეგრაციას და ა.შ.” საზოგადოება ამ ყველაფრით დაიღალა! – ეს კონკრეტული კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ( რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს) იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ეს ხომ თქვენც გინდათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოველ წელს უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები.
“რევოლუციის მცდელობა ყოველთვის არ არის დანაშაული. მაგალითად: ჩვენ ვნახეთ, რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში. როცა შენ არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის გადადგომას და შენი {მონაწილეობით} მთავარობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანტადი არ მიგიღია ხარ რაღაცა “ენჯეო” და გინდა, რომ შენ მთავრობა დააკომპლექტო. ეს არის რევოლუცია! მაგრამ ეს არ არის ის ფორმა რევოლუციის, რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი. რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები. როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიგყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს პარალელური დანაშაულებები, ეს შეიძლება არ დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა, ასევე, შეიძლება არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. რევოლუციის მცდელობა 2020, 2021, 2022, 2023 წლებში იყო. რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია.
ზოგადად შეიძლება ასეთი გამუდმებული მცდელობები გახდეს, მაგალითად, თეორიულად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი. თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებენ, მაგალითად: დღეს უკრაინაში და მოლდოვაში. მაგალითად: თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც. თუმცა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს გადასაწყვეტი”, – აღნიშნა კობახიძემ.
შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო – ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სავარაუდო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება, ქართველი ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.
„შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო. 2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, ასევე 2021-22-23-ში. ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.
რაც შეეხება თვითონ კანონის ამოქმედებას, იცით, რომ კანონის მიღებას სჭირდება დრო. აქედან კიდევ 2 კვირა, მერე კიდევ 4 კვირა და მერე კიდევ ხელის მოწერას სჭირდება დრო. ამის შემდეგ კიდევ სამი თვე სჭირდება, ვიდრე დეკლარაციის შევსების ვადა მოვა. თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი გადადის სექტემბრის ბოლომდე. არსებითად, დრო არსებობს ხომ? – თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალურმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ? მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ. ეს ყველაფერი ცხადია, თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი? ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% ხომ ვიცით, რა გამოდის მათი რეიტინგი? მთელი ოპოზიციის რეიტინგი დაახლოებით 25% გამოდის. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის რუსულია, „ცრუპენტელაა“, “რადგან რუსულ კანონში არის 10 რეპრესიული საკითხი, რომელიც ქართულ კანონში არარის”.
„2020 წელს ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს სინამდვილეში “ენჯეოების” მიერ გამოტანილ დასკვნებს ეფუძნებოდა რადგან უცხოური ქვეყნების დაფინანსებით პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა. ეს კანონი რომ მიიღება, მოსახლეობა გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგებიო.
ვინც ამბობს იმას, რომ ეს კანონი რუსულია, არა მხოლოდ იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. რუსულ კანონში არის 10 საკითხი, რომელიც მას რეპრესიულად აქცევს და აქედან არცერთი პუნქტი არ არის ქართულ კანონში. ლოგიკა ხომ გაქვთ? ჩვენი მიზანი თავისუფალი ხმის ჩახშობა რომ იყოს, რუსულ კანონს გადმოვწერდით.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს. გამჭვირვალობა არავის აწყობს, არავის უნდა, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ თქვას უარი, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საქართველო ევროპას უფრო სწრაფად დაუახლოვდეს.
„რა გვეტყობა? ეს კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.