,,რადიკალური ოპოზიცია ნაძალადევი ხუმრობის ხასიათზე არის სხდომები პარლამენტში აღდგომის შემდეგ განახლდება,,-თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის დეპუტატების განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2 მაისს პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმებას. როგორც თალაკვაძემ თქვა, სხდომები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ განახლდება.
„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ გუშინ [1 მაისს] ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო.
რაც შეეხება პოლიტიკურ უმცირესობას და რადიკალურ ოპოზიციას, კარგია, რომ ნაძალადევი ხუმრობის ხასიათზე არიან. ეს, რა თქმა უნდა, არის იაფფასიანი სპეკულაცია. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია“, – თქვა თალაკვაძემ.
,,საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ-ოცნებამ 2-კვირიანი არდადეგები მოიწყო,,-ოპოზიცია
შეგახსენებთ პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართა. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე მოქმდებდა.
განცხადების თანახმად, ღონისძიებების გაუქმების მიზეზად დასახელებულია ის, რომ „1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართა.
1 მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
კანონპროექტის განხილვას და კენჭისყრას პარლამენტის შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ასევე პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს ხის და რკინის ჯებირებით, ასევე – ნაგვის ურნებით და ჩახერგეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე სცადეს ჩაეხერგათ პარლამენტის შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო – 22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ სპეციალური საპოლიციო საშუალებები.თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა – “ტვ პირველის” კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. დაზიანება მას, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიაყენეს ჩიტაძის ქუჩაზე.