ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 30 აპრილით დათარიღებული განკარგულების თანახმად ეს თანხა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა.
„საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში”, – წერია განკარგულებაში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც ვებსაიტზე ვკითხულობთ, ცენტრის მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა.
„აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა განაგრძეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე”, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
ამასთან რუსული კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ აშშ და დასავლელი პარტნიორები ქართულ ოცნებას აფრთხილებებ იმ უარყოფით შედეგების შესახებ, რომელიც მის მიღებას მოჰყვება. თუმცა ქართული ოცნება დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს არ უსმენს. თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კი დიპლომატებთან საჯარო დებატებს მოითხოვს.
2 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის მოქმედება იმით გაამართლა, რომ პრემიერი მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს “არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას”.