რუსული კანონის მიღების შემთხვევაში EU-ს 27 წევრ სახელმწიფოს რეაგირება მოუწევს
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბოლო დღეებში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და წესებთან თანხვედრაში არ არის.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს “რეაგირების მოხდენა მოუწევს.”
ევროკავშირი ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული.
“ჩემთვის ნამდვილად არაკომფორტულია ვგრძნობ თავს ნეგატიურ ზომებზე საუბარი. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა გზას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და შედეგებზე ფიქრი არ მოგვიწიოს. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე – ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პირზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე თქვა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებული დაძაბულობის გადაჭრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
“შეშფოთებული ვარ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც სიტუაციას უფრო კომპლექსურს ხდის. დრო ჯერ კიდევ არის, გზა გავაგრძელოთ. ჩვენი სურვილია საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაიწყოს გაწევრიანებების შესახებ მოლაპარაკებები, როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა დავეწიოთ – მთავრობასთან ერთად თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული საკითხი. როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი აცხადებს, ეს კანონი არ არის ევროპულ წესებსა და ღირებულებებთან შესაბამისი”, – თქვა მან.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ბოლო დღეებში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო.
“საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტელევიზიების ახალ ამბებშია, თუმცა ამის მიზეზი კარგი არ არის. სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ვფიქრობთ, რომ დრო ჯერ კიდევ არის კურსის შესასვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა. იმედი მაქვს, რომ არ გავხდებით იძულებულები ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც ნაკლები – ნაკლებისთვის იქნება. რაც ნეგატიური იქნება და დაარტყამს რიგით მოქალაქეებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს”, – თქვა მან.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას, შესაბამისი შედეგები მოჰყვება, თუმცა დასძინა, რომ ახლა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად, ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.
“თუ საქმე წავა და ამ კანონს მიიღებენ არსებული სახით, არ გამოვრიცხავ, რომ შედეგები იქნება. გვაქვს ფინანსური დახმარება, ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. შეთანხმებაში არსებობს დაცვითი მექანიზმები, რომელიც იძულების შემთხვევაში, შეგვიძლია გამოიყენებით, მაგრამ არ გვინდა ამ ეტაპამდე მივიდეთ. ახლა უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.