ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს და მის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს მსვლელობით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11 მოქალაქე დააკავა. მათგან ხუთი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესუწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულებიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.გამოძიება დაწყებულია კიბერდანაშაულის მიმართულებითაც. უჩა აბაშიძე ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ჩხრეკისას მის სახლთან აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელთაც შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო.
საქართველოს კულინარიის აკადემიის“ ლექტორი, მზარეული თინა ვაშაკიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გუშინ პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავა. ის ყვება, რომ სამართალდამცავები მასაც და მის მეგობრასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვაშაკიძის თქმით, სამმართველოში გადაყვანის შემდეგ მოითხოვა ექიმი და სასწრაფოს გამოძახება, თუმცა უშედეგოდ.
“ერთ-ერთი პოლიციელი გოგონას შეეტაკა, რაღაც შელაპარაკება მოხდა და ჩემი მეგობარი, პაატა ალავერდაშვილი, რომელიც დაკავებულია ახლა, გამოესარჩლა ამ გოგოს, შემდეგ უკვე მე ჩავერთე, არაფერი იქ ისეთი არ ყოფილა, ჩვეულებრივი გამოლაპარაკება, მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, ეს პოლიციელი შემოგვიბრუნდა და გვითხრა, თქვენ დაგიჭერთო”, – ამბობს ვაშაკიძე.
ის ყვება, რომ აღნიშნულ სამართალდამცავს განსხვავებული ფორმა ეცვა და არ იყო შენიღბული, შესაბამისად, მისი სახე კარგად ახსოვს.
“[ჭავჭავაძეზე] უცებ ატყდა ჩოჩქოლი, მსვლელობა შუაში გაჭრეს, მე და ჩემი მეგობარი ხელჩაჭიდებული მოვდივართ, რომ არ დაგვაკავონ, ვხედავთ, რომ ჩვენ წინ ასაკოვანი კაცი წაიქცა, ინსტინქტურად მივედით მის ასაყენებლად, როგორც კი მის ასაყენებლად მივედით, უკნიდან შემოგვეხვია, 7, 8, 9 აღარ მახსოვს… დაგვაგდეს მიწაზე მე და ჩემი მეგობარი, რგოლი გააკეთეს, არაფერი აღარ ჩანდა გარშემო, გვირტყამდნენ გვერდებში, თავში მირტყამდნენ, წინ ვხედავდი ამ წიხლებს, მუცელში და სახეში არ დაურტყამთ ერთი, თორემ ყველგან მირტყეს, წარმოუდგენელი რეალობა იყო ჩემთვის”, – ყვება ვაშაკიძე.
ის იხსენებს, რომ პოლიციამ ჯერ მისი მეგობარი “შეათრია მანქანაში”, თვითონ უძალიანდებოდა, რადგან არ უნდოდა დაკავება:
“მე გამომწია პატრულის თანამშრომელმა, ქალიაო, გამომწია და ზუსტად იმან, ვინც დამპირდა აბაშიძეზე, შენ დაგიჭერო, თქვენ დაგიჭერთო, ჩვენ ორს დაგვპირდა, თმაში მომკიდა უკნიდან ხელი, გამომათრია, შემაგდო მანქანაში, მომაყოლა ფეხიც, რომ ესეც დაიჭირეთო”, – ყვება ვაშაკიძე.
ვაშაკიძე პოლიციამ ხელწერილით გამოუშვა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან
“ხელი არაფერზე მომიწერია, ერთადერთი ვითხოვდი ექიმს და ექსპერტიზას, ვითხოვდი სასწრაფოს, იმიტომ, რომ რეალურად ძალიან ცუდად ვიყავი, დარტყმისგანა, რომ დამაგდეს მიწაზე, თავი მტკიოდა, წიხლებისგანაც მტკიოდა, სასწრაფო არ მოიყვანეს, ექიმი არ მოიყვანეს, გამომიშვეს კახეთის გზატკეცილზე, ქუჩაში მომხსნეს ბორკილები, დამჯდარი ტელეფონით, სრულიად უარაფროდ, ნაცემი, ღამე გამომიშვეს, სხვა რა გითხრათ არ ვიცი”, – ყვება ვაშაკიძე.
შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია მივიდა და წაიყვანა, ჯერჯერობით, უცნობია, სად – ინფორმაცია მან ფეისბუქზე თავად გაავრცელა:
“ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო” წერს ტურაშვილი.
ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის ინფორმაციით, გუშინ, 9 მაისს FreeUni-ის კურსდამთავრებული, გუგა მიქაბერიძე დააკავეს.
“გუშინ დაიჭირეს ფიზიკის პირველი ნაკადის საუკეთესო სტუდენტი (ჩვენი ალუმნი) გუგა მიქაბერიძე: თავისუფალი უნივერსიტეტის სახე, დაამთავრა არა მარტო ფიზიკის სკოლა, არამედ მათემატიკის და კომპ. მეცნიერებათა სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლის საუკეთესო პრეზენტაციის მფლობელი, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამზადებდა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებისთვის ნაკრებებს წარმატებით (ოქროს მედლები), იყო ზეილონა გორას უნივერსიტეტში ერასმუს პროგრამით წასული და შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა სადოქტორო პროგრამის ფარგლებში UC DAVIS -ში.
ყველა ნორმალური მთავრობა იამაყებდა ასეთი ახალგაზრდით – ესენი ციხეში სვამენ. ყველა გარეთ უნდა გამოვიდეთ გაასმაგებული რაოდენობით. აუტანელია ამის ყურება”, – წერს ოსმანოვი.
უკვე რამდენიმე დღეა რაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ატერორებენ, ემუქრებიან და აკავებენ. ადგილი აქვს ფიზიკურ თავდასხმებსაც. ცოტა ხნის წინ პოლიციამ ბუშმალას მფლობელს, ნოდარ ტურაშვილს კაფეში მიაკითხა და წაიყვანა.
მანამდე ტურაშვილმა დაწერა:
“ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”.