მნიშვნელოვანისიახლეები

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! -დაშინების ფიზიკური ძალადობის მიუხედავად დღეს, 11 მაისს, თბილისში, ევროპული მარში გაიმართება

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – დღეს, 11 მაისს, თბილისში, ევროპული მარში გაიმართება. დაშინების, მუქარების, ფიზიკური ძალადობის მიუხედავად დღეს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

საღამოს 7 საათზე მსვლელობა 4 ადგილიდან დაიწყება:

რესპუბლიკის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი
მეტრო 300 არაგველი
მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
აქციის მონაწილეები მარშით სიმბოლურად ევროპის მოედანზე მივლენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.
მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

“ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

წელს საქართველო პირველად აღნიშნავს ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში იმართება ცოტა ხნის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერიც ესწრება, რომელსაც სიტყვით გამოსვლის დაწყება შეძახილების ფონზე მოუწია.

შეგახსენებთ თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.

გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button